
თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდა სექტემბრიდან იგეგმება
პარლამენტმა მეორე მოსმენით 90 ხმით მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდას 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
ცვლილებათა პროექტის თანახმად, ერთ ყუთ ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი 15 თეთრიდან 20 თეთრამდე გაიზრდება.
მთავრობის განცხადებით, აქციზის განაკვეთის ზრდა თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზანს ემსახურება. ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით გამოიწვევს სიგარეტზე ფასის გაძვირებას.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ აქციზის ზრდით ბიუჯეტი დამატებითი შემოსავლების სახით, დაახლოებით, 25-დან 26 მლნ ლარამდე მიიღებს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კითხვაზე, თუ რაზე იქნება ეს თანხები მიმართული და რატომ არ ხდება მოსალოდნელი დამატებითი შემოსავლების ბიუჯეტის კანონში ასახვა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გზით, თაბუაშვილმა უპასუხა, რომ ის, თუ სად დაიხარჯება მოსალოდბელი 25-26 მლნ ლარი „წინასწარ არ არის განსაზღვრული“ და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე საბიუჯეტო ცვლილებების საჭიროება არ დგას.
დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან საპარლამენტო დებატების ფარგლებში გამოთქვეს ეჭვი, რომ მთავრობა სიგარეტზე აქციზის გაზრდით ცდილობს ნაწილობრივ მაინც გადაფაროს საგადასახადო შემოსავლების კუთხით ბიუჯეტში არსებული დანაკლისი.
„მე ვფიქრობ აღნიშნული არის განპირობებული იმ შემცირებული შემოსავლებით, რომელიც ფიქსირდება ბოლო თვეების განმავლობაში, კერძოდ, საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით, პირველ ორ კვარტალში უკვე მინუს 247 მლნ ლარი არის იმ გეგმასთან შედარებით, რაც ჩვენ დავამტკიცეთ ბიუჯეტში. თუმცა, როგორი გათვლაც არ უნდა იყოს, 26 მლნ ვერ იქნება და ვერ უშველის იმ შემოსავლების შევსებას, რომელიც ფაქტიურად კლებისკენ მიდის“, – განაცხადა დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული შეფასებითი დოკუმენტის თანახმად, რომელიც 2013 წლის პირველი ნახევრის საბიუჯეტო მონაცემებს მიმოიხილავს, ეკონომიკური აქტივობის შენელების ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტს საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე დააკლდა 265 მლნ ლარი 2013 წლის პირველ ნახევარში.
დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან ასევე განაცხადეს, რომ აქციზის ზრდამ შესაძლოა სიგარეტის კონტრაბანდა გამოიწვიოს, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამგვარი „რისკი მინიმალურია“. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ აქციზი მკვეთრად არ გაზარდა და სანაცვლოდ, ეტაპობრივი ზრდის გზა არჩია, კონტრაბანდის საწინააღმდეგო ზომებით იყო განპირობებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)