skip to content
ახალი ამბები

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იგეგმება

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება, რომლის მიღებასაც პარლამენტი დაჩქარებული წესით ივლისის რიგგარეშე სხდომების ფარგლებში აპირებს.

ცვლილებები საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მომზადდა და ის 17 ივლისს ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეფუძნება.

ცვლილებების თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია  იუსტიციის სამინისტროსთან იფუნქციონირებს, ნაცვლად უშიშროების საბჭოსა, რომლის დაქვემდებარებაშიც ის ამჟამად იმყოფება უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით.

ამგვარი კომისია, რომლის შექმნის საკანონმდებლო ვალდებულება 2011 წლის დეკემბერში მიღებული საარჩევნო კოდექსით განისაზღვრა, საარჩევნო წლის 1 ივლისიდან იწყებს ფუნქციონირებას და მისი ამოცანაა საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

უწყებათაშორისი კომისია პირველად 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა და მას შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნებისთვის ფუნქციონირებდა უშიშროების საბჭოს დაქვემდებარების ქვეშ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უშიშროების საბჭოს არაფერი ესაქმება წინასაარჩევნო კამპანიასთან, რადგან ეს არ არის მისი კონსტიტუციური მოვალეობა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ასევე იკრძალება აგიტაციის გაწევა საარჩევნო უბნის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში, ისევე როგორც, რჩება აგიტაციის ამკრძალავი ნორმა თავად კენჭისყრის შენობაში. ამ წესის დარღვევა, ინიციატივის მიხედვით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ქუცნაშვილის თქმით, 20-მეტრიანი რადიუსის დაწესება განაპირობა წინა არჩევნებზე გამოვლენილმა შემთხვევებმა, როცა „ამომრჩველთა სიებით შეიარაღებული აგიტატორების“ ე.წ. „კორიდორში“ უწევდათ ამომრჩევლებს გავლა ხმის მიცემის წინ. ამ პრაქტიკას აკრიტიკებდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც, რომელთა თქმითაც, აგიტატორების მიერ ამომრჩეველთა ამ სახით აღწერა ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკრიტიკა აგიტაციის ამკრძალავი ტერიტორიის შემოფარგვლის გეგმა, რაც  კომისიის თქმით, რთულად აღსრულებადი იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან  და „მხოლოდ პრობლემური საჩივრების რაოდენობას გაზრდის“. ცესკომ პარლამენტს ამ ცვლილების დამტკიცებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

სხვა დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვა; ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება; საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ სამუშაო საათების განმავლობაშიც – მათ ეს უფლება არსებული კანონმდებლობით უშუალოდ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროს არ აქვთ. 

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ასევე წესდება პრეზიდენტის კანდიდატობასთან შეუთავსებელი თანამდებობების ნუსხა, რაც მოქმედი კოდექსით არ არის დარეგულირებული.

ინიციატივის თანახმად, თანამდებობის პირების ფართო სპექტრს შორის, რომლებსაც პრეზიდენტის კანდიდატად რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანიდან ორ დღეში პოსტების დატოვება მოუწევთ, არიან მთავრობის წევრები; გუბერანტორები; საკრებულოს თავმჯდომარეები, გამგებლები და მერები; გენერალური აუდიტორი, სახალხო დამცველი; უშიშროების საბჭოს, ეროვნული ბანკის საბჭოს, მარეგულირებელი კომისიების წევრები; მოსამართლეები; პროკურორები; სამართალდამცავი სტრუქტურების ოფიცრები.

მიუხედევად იმისა, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობა არ ავალდებულებს, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრის თანამდებობას მალე დატოვებს იქამდე, ვიდრე საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button