პარლამენტმა გაეროსა და ნატოში მუდმივი წარმომადგენლები დაამტკიცა
პარლამენტმა გაეროში საქართველოს ახალი მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე კახა იმნაძის კანდიდატურას, ხოლო ნატოში – ლევან დოლიძეს დაუჭირა მხარი.
ორი ახალი ელჩი თავიანთი მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც მათ დანიშვნას პრეზიდენტი სააკაშვილი ათი დღის ვადაში მოაწერს ხელს.
გაეროში საქართველოს ახალი მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის თანაშემწე და პრესმდივანი იყო, ხოლო მანამდე 1998-2000 წლებში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობდა სამხედრო და საგარეო ურთიერთობების საკითხებში, 2009 წლიდან დღემდე იყო რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის საბჭოს წევრი, ხოლო 2005-2007 წლებში ნატოს სახალხო დიპლომატიის პროექტის თანადირექტორად მუშაობდა. იმნაძე, რომელსაც მრჩევლის დიპლომატიური რანგი აქვს აქვს მინიჭებული, გაეროში ყოფილ ელჩს კახა ლომაიას შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავად გააკეთა.
ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლად პარლამენტმა ლევან დოლიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მას ოქტომბრის ბოლოდან თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. მანამდე ლევან დოლიძე, რომელიც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ქართული ოცნების დეპუტატის ვიქტორ დოლიძის ძმაა, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს ხელმძღვანელობდა; 2006-2008 წლებში იყო საქართველოს კონსული შვეიცარიაში, ხოლო უფრო ადრე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ასევე ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროებში პარლამენტთან ურთიერთობების მიმართულებით.
ლევან დოლიძე ნატოში საქართველოს ამჟამინდელ ელჩს გეგა მგალობლიშვილს შეცვლის, რომელიც გამოწვეულია როტაციის ვადის ამოწურვის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)