ახალი ამბები

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურებისთვის სპეციალური კომისია შეიქმნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების არქივის უდიდესი ნაწილი განადგურდება, ხოლო ის ნაწილი, რომელიც დანაშაულის გამოძიებაში მტკიცებულებას წარმოადგენს, დაცული იქნება.

„უმეტეს შემთხვევაში ეს მასალა არავითარ კავშირში არ არის დანაშაულის გამოვლენასთან და შესაბამისად უკანონოა და უნდა განადგურდეს“, – განუცხადა მინისტრის მოადგილემ 7 ივნისს ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც სამინისტროში ამ თემაზე პრესისთვის დახურული შეხვედრა გაიმართა დიპლომაიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
    
საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცულ არქივზე, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შეიქმნა და ამ მასალების უმეტესობა, იზორიას თქმით, მოპოვებულია „უკანონოდ“, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების კომპრომეტირების მიზნით და „დანაშაულის გამოძიებასთან, გამოვლენასთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს“.

არქივის განადგურების მიზნით უახლოეს ხანებში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავარ პროკურორთან ერთად ასევე შევლენ საზოგადოების წარმომადგენლები.

„კომისიის მუშაობის შედეგად შედგება აქტი, სადაც აღრიცხული იქნება რაოდენობა იმ მასალებისა, რაც განადგურდება“, – განაცხადა იზორიამ.

გარდა ოფიციალური არქივისა, შესაძლოა ამ მასალების ასლები კერძო პირების მიერაც ინახებოდეს.

კერძო წყაროებიდან მასალების გავრცელების პრევენციის მიზნით, იგეგმება პარლამენტის მიერ ამნისტიის საგანგებო აქტის მიღება, რომელიც, შს მინისტრის მოადგილის თქმით, მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში კერძო პირებისგან ამ მასალების საგამოძიებო ორგანოებისათვის ჩაბარებას გაითვალისწინებს.

„ვინც ამ ვალდებულებას თავს აარიდებს და ამ მასალებს შეინახავს ან გამოამჟღავნებს, ბუნებრივია, დადგება მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა იზორიამ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ინტენსიურად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას უკანონო ჩანაწერების განადგურებისაკენ.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ არქივი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

„ვინც გადაიღო და შეინახა [ეს მასალები], ის ადამიანები ყველა არის დასასჯელი და არანაკლები დანაშაულია დღეს ამ არქივის შენახვა და მისი არ განადგურება“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 6 ივნისს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში უწყებაში „ცალკე განყოფილება“ არსებობდა, რომელსაც უკანონო მოსმენები ევალებოდა და რომელიც მინისტრად მისი დანიშვნის შემდეგ გაუქმდა.

„ბინძური“ არქივის დაუყოვნებლივ განადგურების გეგმებზე განცხადება კი ღარიბაშვილმა 12 მაისს მაშინ გააკეთა, როცა მისი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელიც შსს-ში არსებულ არქივს კურირებდა, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის "შურისძიების" მოტივით გავრცელების გამო დააკავეს.

 

Related Articles

Back to top button