skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი მიესალმა 17 მაისის მოვლენების დროს პოლიციის მოქმედებას



პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოდის 19 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ პოლიციის დღისადმი მოწყობილ ღონისძიებაზე. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეაქო პოლიცია იმ „კარგად კოორდინირებული“ მოქმედებისთვის, რომელიც მან 17 მაისს თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის დროს აჩვენა, როცა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქცია ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ათასობით აქტივისტი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები რამდენიმე ათეულ ლგბტ აქტივისტს და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.

პოლიციელებისადმი სიტყვით მიმართვისას, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ შაბათს პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ როცა „აჟიტირებული უმრავლესობა“ დაიძრა „უმცირესობისკენ“, ადამიანთა უსაფრთხოების დაცვის საჭიროება მთავარი პრიორიტეტი გახდა. 

„თქვენ დგახართ თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოების სადარაჯოზე და ძალიან ხშირად ამ უსაფრთხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასადაც ახერხებთ“, – მიმართა ივანიშვილმა პოლიციელებს, „ამის კარგი მაგალითი გახლდათ, თუ გნებავთ, გუშინწინ თბილისში ცენტრალურ მოედანზე განვითარებული მოვლენები, როდესაც თქვენ ღირსეულად მოახერხეთ შექმენით გასასვლელი უმცირესობისათვის, რომ მათ საკუთარი უფლებების დაცვა მოეხერხებინათ, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის თქვენ ჩადექით და მაშინ როდესაც ნახეთ, რომ სიტყვის თავისუფლების ნაცვლად პირველ ადგილზე გადავიდა ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და მაშინ, როდესაც, საუბედუროდ, არ მოხერხდა უმრავლესობის, აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება, თქვენ სწორედ რომ თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად თქვენ თავზე აიღეთ ყველა სიმძიმე და თქვენ მოახერხეთ გაარიდეთ უმცირესობა საფრთხეს“.

მისი თქმით, ამ პროცესში ოცამდე პოლიციელი დაზიანდა, მათ შორის ზოგი სერიოზულადაც.

„კარგად კოორდინირებული იყო ეს აქცია თქვენი ხელმძღვანელობის მიერ, მას კოორდინაციას ღირსეულად უწევდა და ძალიან სწორად ასრულებდა საკუთარ ფუნქციებს თქვენი მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი]“, – განუცხადა ივანიშვილმა პოლიციელებს.

რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გააკრიტიკა პოლიციის მოქმედება, რომელიც, მათი შეფასებით, უფრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე.

პოლიციის მოქმედების დასაცავად, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიციის პასუხი იმ კონკრეტულ ვითარებაში „ადეკვატური“ იყო, რადგან მათი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმების ან რაიმე სახით ძალის გამოყენებას ათასობით კონტრდემონსტრანტის წინააღმდეგ შესაძლოა მოჰყოლოდა უფრო მეტი ძალადობა და არეულობები თბილისის ქუჩებში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო 17 მაისის ძალადობრივი მოვლენების გამოძიება; ამ დრომდე ამ საქმესთან დაკავშირებით არავინ არ არის დაკავებული და არც კონკრეტული ბრალდებული არსებობს.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 19 მაისს განაცხადა, რომ გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებების დამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაისაჯონ ძალადობაში მონაწილეები, მათ შორის ის სასულიერო პირებიც, რომლებიც შესაძლოა ჩართული ყოფილიყვნენ პირდაპირ ან არაპირდაპირ ვითარების დაძაბვაში. სასულიერო პირები წინ მიუძღოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გაარღვიეს პოლიციის კორდონი და გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც რამოდენიმე ათეულ აქტივისტს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩატარება ჰქონდა განზრახული თავისუფლების მოედანზე.

მეუფე იაკობმა კვირას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ სასულიერო პირებს, თუ რაღაც „გადაცდომა“ მოუვიდათ,  „მაინც ადამიანები არიან და ახლა ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ“ იმ „რთულ“ სიტუაციაში, რაც 17 მაისს ხდებოდა.

მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ეკლესიაც „მიიღებს ზომებს“ მისი წევრების მიმართ „ჩვენი კანონებით რაც ეკუთვნით“.

„მე ვფიქრობ, რომ არც საერო სამართლის წინაშე არ გაუჭირდებათ წარდგნენ იმიტომ, რომ ისეთიც არ გაუკეთებიათ, როგორც ხმაურობენ და როგორც ლაპარაკობენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არავინ არის წინააღმდეგი, რომ ხელისუფლებამ გამოიძიოს ყველა ინციდენტი.

მან ასევე განაცხადა, რომ „ერთობლივი ძალისხმევით – რომ არა პოლიცია, რომ არა სასულიერო პირები დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებოდით“. 

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი 17 მაისის მოვლენების დროს ადგილზე იმყოფებოდა და მოგვიანებით, იმავე დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ქართველმა ერმა საკუთარი „იდენტობა“ გამოავლინა და დასძინა, რომ მომხდარი ქართველი ერის დაკვეთა იყო.

„გამოსავალი იყო ძალიან მარტივი – რამოდენიმე ათეულ კაცს იმ მომენტში დაეთმო, გადასულიყო სხვაგან და საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებისათვის, ქვეყნისათვის… მიუხედავად დიდი ხნის საუბრისა, მაინც არ შედგა ეს შეთანხმება იმიტომ, რომ ვიღაცას ზუსტად ის აწყობდა, რაც მოხდა და ხალხმა თავისი ნება გამოხატა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა 19 მაისს მცხეთაში ქადაგებისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button