ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘ვიცი ყველაფერი სწრაფად არ დალაგდა და ხალხშიც უკმაყოფილებაა’

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვს თვეში ჯერ ყველაფერი „მოგვარებული“ არ არის, რაც „უკმაყოფილების“ გრძნობას იწვევს ხალხში. მან მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ზედმეტი აჩქარება კონტრპროდუქტიული იქნება. 

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში გააკეთა, სადაც იგი "ლელობურთს" დაესწრო.

„მე ვიცი, რომ რაღაც განწყობაა ხალხში, რომ ყველაფერი ისე სწრაფად არ დალაგდა, ექვსი თვე გავიდა და ხალხშიც საკმაო უკმაყოფილება სუფევს“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ძალიან ბევრი აქტივისტი ვერ დასაქმდა, რამეთუ ძალიან ცოტაა სამუშაო ადგილები. არ შეიძლება, რომ მთლიანად საქართველო სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმდეს. რომ დასაქმდეს ხალხი, ამისთვის ეკონომიკის აღზევებაა საჭირო, ამისთვის საჭიროა სამუშაო ადგილები, ამისთვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და რომ იცოდეთ, დღე და ღამე ამაზე ვმუშაობთ და ჩვენ აუცილებლად ამ შედეგებს მივიღებთ“. 

„არც იმან დაგადარდიანოთ, რომ ექვს თვეში შეიძლება ვერ გასწორდა ყველაფერი და ვერ დალაგდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, არ ვიჩქაროთ ზედმეტად, არაფერი არ გავაფუჭოთ, ნელ-ნელა დავალაგოთ, კიდევ რამდენიმე თვე სამართლიანობის განცდა, რომელიც დარჩა კიდევ აღსადგენი საქართველოში, ეს განცდაც აღორძინდება და აუცილებლად თქვენ დაკმაყოფილდებით იმით, რომ საქართველოში სამართლიანობა იბატონებს", – აღნიშნა მან.        

მისი თქმით, მოსახლეობაში არის გარკვეული უკმაყოფილება, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ ინარჩუნებენ თავიანთ პოსტებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

„ისინიც ჩვენი ხალხი არიან, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველა უნდა შევინარჩუნოთ… არ შეავიწროოთ ისინი იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ… არ გარიყოთ, არ თქვათ, რომ ისინი ცუდები არიან. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ჩვენ პატარა ერი ვართ, ერთმანეთს უნდა დავუდგეთ და ყველამ ერთად ერთ მუჭად შეკრულმა უნდა ავაყვავოთ ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ვინც აუცილებელი და სავალდებულოა“ დაისჯება კანონის გათვალისწინებით. „ევროპელებიც კარგად გაიგებენ, ამერიკელებიც კარგად გაიგებენ ამას“, – განაცხადა მან.

„ცოტაც მოითმინეთ, სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ცოტა დრო დასჭირდება. ცოტა უფრო მეტი დასჭირდება ყველაზე ძირითადს, ეკონომიკის აღზევებას მეორე წელიწადს იგრძნობთ, მესამე იქნება კარგი და მეოთხე იქნება ძალიან კარგი. გარწმუნებთ, რომ საქართველოში დაიწყება ინვესტიციების ჩადება და ყველა ოჯახი მოახერხებს დასაქმებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ეს ექვსი თვე ჩვენთვის იყო დიდი სკოლა მოთმინების… ეს იყო ის, რაც გვჭირდება ჩვენ, რომ ჭეშმარიტად გავხდეთ ევროპის ტოლი და ევროპის წევრი ქვეყანა. გარწმუნებთ, დემოკრატიული ინსტიტუტების აღორძინება განუხრელად გაგრძელდება, არაფერი ამას ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა მან.

„ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოს გავაერთიანებთ, ერთ მუშტად შევიკვრებით, ყველაფერს ავაყვავებთ“, – დასძინა ივანიშვილმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button