
უსუფაშვილი ამერიკელ დეპუტატებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშიგნტონში სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ერთკვირიანი ვიზიტის დასრულებამდე, რომელიც მისი პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.
უსუფაშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი ახლდა თან – საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი – კვირის დასაწყისში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.
მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, უსუფაშვილმა მთელი რიგი შეხვედრები გამართა ამერიკელ დეპუტატებთან კონგრესის ორივე პალატიდან, მათ შორის რესპუბლიკელ სენატორთან ჯონ მაკკეინთან და დემოკრატ სენატორთან კარლ ლევინთან. იგი ასევე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსის და დემოკრატ კონგრესმენებს ჯონ გარამენდის, სანდერ ლევინს, დევიდ პრაისს, ტედ დოიჩს და ჯიმ მაკდერმოტს. ქართველმა დეპუტატებმა ასევე გამართეს შეხვედრები რესპუბლიკელ კონგრესმენებთან ჰოვარდ მაკკეონთან, რომელიც კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა; ასევე ჯეფ მილერთან, ტომ მარინოსთან, სტივ სტოკმანთან, მარიო დიას-ბალარტთან და კეი გრეინჯერთან.
„ეს იყო ძალიან სასარგებლო, საინტერესო, ნაყოფიერი ვიზიტი და მე ვიტყოდი, დროული“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „სრულიად ცალსახაა მხარდაჭერა“ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე მისი ერთ–ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ არ მოხდეს იმ შეცდომის გამეორება, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ იქნა დაშვებული, როდესაც „ბევრმა ჩათვალა, რომ კარგი და სწორი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში და აღარ იყო საჭირო კითხვების დასმა და კონტროლი“. მან ასევე წამოწია ეს საკითხი 14 მარტს კარნეგის ფონდში გამოსვლისას და განაცხადა: „ჩვენ სწორი ხალხი ვართ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი კონტროლი, თქვენი შეკითხვები და კრიტიკა; ეს მხოლოდ დაგვეხმარება ჩვენ“.
სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრაზე საუბრისას, რომელიც ერთ–ერთია იმ ხუთი სენატორიდან, რომელთაც დეკემბერში პრემიერ–მინისტრ ივანიშვილისადმი მიწერილ წერილში ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნაზე შეშფოთება გამოთქვეს, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „სენატორი მაკკეინი, როგორც ყოველთვის, მზად არის დაეხმაროს საქართველოს და სწორი რჩევები მისცეს თავის ძველ მეგობრებს [წინა ხელისუფლებიდან] და ითანამშრომლოს ახალ მეგობრებთან, ახალი ხელისუფლების სახით“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)