
ნაციონალური მოძრაობის ორი დეპუტატი პატრიარქს მოსკოვში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორმა დეპუტატმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე გააკრიტიკა გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს პრეზიდენტ პუტინთან „გადაჭარბებული მოწიწებით საუბრის“ გამო და მოუწოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება „ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული“.
დეპუტატებმა ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გაწევრიანდნენ, 27 იანვარს წერილობითი განცხადება გაავრცელეს; ისინი განცხადებას დეპუტატების რანგში აწერენ ხელს და არა როგორს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.
„ბოლო დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ ვთვლით, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს პატრიარქის უკანასკნელი ვიზიტი მოსკოვში და მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან“, – ნათქვამია განცხადებაში, „გასაგებია, რომ ეკლესიას და პატრიარქს აქვთ სურვილი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის იყოს ნორმალური, კეთილმეზობლური, მშვიდობიანი ურთიერთობები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი დღემდე ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას“.
„ასეთ ვითარებაში მტრული სახელმწიფოს პირველ პირთან გადაჭარბებული მოწიწებით საუბარი ვერ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის სიკეთის მომტანი პოლიტიკური გზავნილი“, – აცხადებენ დეპუტატები.
მათი თქმით, რუსეთი ეგრეთ წოდებულ „მშვიდობის პოლიტიკას“იყენებდა საკუთარი აგრესიული პოლიტიკის და უკვე განხორციელებული ოკუპაციების გადასაფარად, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობითაც.
„ეს საქართველოს ნებისმიერ, საერო თუ სასულიერო ლიდერს მუდამ უნდა ახსოვდეს, როდესაც საუბრობს სამარადჟამო „ძმობაზე“იმპერიასთან, რომელმაც 200 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, მიწასთან გაასწორა ქართული ეკლესია-მონასტრები, გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, სიცოცხლეს გამოასალმა ასობით ათასი ქართველი პატრიოტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტით — ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცალსახა გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილი, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ეს ფაქტი უკვე არა ერთხელ საჯაროდ დაადასტურა როგორც ყოფილმა/ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პუტინმა, ისე მისმა წინამორბედმა. აქედან გამომდინარე, განცხადება, რომ „ის რაც მოხდა … იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი“ სრულიად მიუღებელია, საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და წყალს ასხამს ოკუპანტი სახელმწიფოს წისქვილზე. მოვუწოდებთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული“, – აცხადებს ორი დეპუტატი.
მათ მხედველობაში პატრიარქის ის განცხადება აქვთ, რომელიც ილია მეორემ მოსკოვში გამართულ ერთ–ერთ მიღებაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც ის, რაც ორ ქვეყანას შორის მოხდა, არც საქართველოს და არც რუსეთის ბრალი არ იყო, არამედ ეს ცალკეული პირების ბრალი იყო. მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდოს მიღების ცერემონიაზე საქართველოს პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის „შეიძლება ნორმალური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იზეიმებს სამართლიანობა და საქართველოს დაუბრუნდება მისი ძირძველი ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რაც იქნება კავკასიაში რთული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი პირობა“.
მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, 26 იანვარს ილია მეორემ განაცხადა: "ვფიქრობ, რომ ეს იყო ისტორიული ვიზიტი და კარგი შედეგები მოყვება მას".
This post is also available in: English Русский