skip to content
ახალი ამბები

ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი ჯარისკაცი “დაატყვევეს” და “მოკლეს”

ჰელმანდის პროვინციაში, დაახლოებით, ორი კვირის წინ გაუჩინარებული ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, რომელიც შაბათს გარდაცვლილი იპოვეს, ზოგიერთი დეტალი გახდა ცნობილი.

საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მიერ კვირას გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გაუჩინარებული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლებმა იპოვეს.

სენჟანტი გიორგი კიკაძე დაატყვევეს, განაცხადა ISAF–მა. თუმცა, პრესრელიზი დეტალურ ინფორმაციას არ შეიცავს და მხოლოდ ნათქვამია, რომ ჯარისკაცის „დატყვევების და გარდაცვალების გარემოებებზე გამოძიება მიმდინარეობს“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ასევე უარი თქვა დეტალებზე საუბრისას მიმდინარე გამოძიების მოტივით.

იმავდროულად, Associated Press–ი იტყობინება ავღანეთის ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ სოფლის ერთ–ერთმა მაცხოვრებელმა ქართველი ჯარისკაცის გვამი ჰელმანდის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე მუსა ქალაში განთავსებული ქართული ბაზიდან დაახლოებით 15 კილომეტრში იპოვა.

AFP იტყობინება მუსა ქალას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელზე დაყრდნობით, რომ სენჟანტ კიკაძის გვამი მიტოვებულ სახლში აღმოაჩინეს. ამავე ცნობით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტი კიკაძე 19 დეკემბერს გაუჩინარდა. თუმცა, ISAF–მა განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცი, გავრცელებული ინფორმაციით, 18 დეკემბერს გაუჩინარდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შემდეგ გაუჩინარებული ჯარისკაცის „ძიება- გადარჩენის“ ოპერაციას რეგიონალური სარდლობა ახორციელებდა, რომლის პასუხისმგებლობის არეალიც ჰელმანდის და ნიმროზის პროვინციებს მოიცავს. გასულ კვირას თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე მიავლინა ავღანეთში.

სერჟანტ კიკაძის გარდაცვალების შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის უწყებამ 29 დეკემბერს გააკეთა.

ამ უკანასკნელი მსხვერპლის ჩათვლით, საქართველომ ავღანეთში 19 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო. რვა მათგანი წელს დაიღუპა.

ISAF–ის ოპერაციაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობამ ოქტომბერში 1 560 სამხედროს გადააჭარბა, რითიც საქართველო ნატოს ის უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში.

ამჟამად საქართველოს ორი ბატალიონი ჰყავს განთავსებული ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში – პირველი ქვეითთა ბრიგადის მე–12 ბატალიონი და მესამე ქვეითთა ბრიგადის 32–ე ბატალიონი; ეს უკანასკნელი უკვე მეორე როტაციის ფარგლებში იმყოფება ავღანეთში.

This post is also available in: English Русский

Back to top button