ახალი ამბები

სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას: ‘ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ’



პრეზიდენტი სააკაშვილი მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონფერენციაზე სიტყვით გამოდის, თბილისი 23 დეკემბერი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია ქართულმა ოცნებამ „რიცხობრივი უმრავლესობა მოიპოვა“, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავ ინარჩუნებს „სიმართლის და მორალურ უმრავლესობას“ და „ბოლო რაუნდში“ ის აუცილებლად გაიმარჯვებს.

სააკაშვილმა ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც თბილისში 23 დეკემბერს გაიმართა და სადაც ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა, დეპუტატები, აქტივისტები და ქვეყნის მასშტაბით არსებული ადგილობრივი საკრებულოების წევრები შეიკრიბნენ.
 
„ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე“, – განუცხადა სააკაშვილმა თანაპარტიელებს, „არც მე ვაპირებ ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ჩემი მოკრივის ხელთათმანების ჩამოკიდებას სადმე კარადაში“.

უკრაინელი ჩემპიონი ბოქსში და ოპოზიციური პარტიის UDAR–ის ლიდერი ვიტალი კლიჩკო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის შეკრებას. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა და კლიჩკომ ყრილობის ფარგლებში ორ პარტიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

„ჩვენი მთავარი ბრძოლები კიდევ წინ არის. ეს ბრძოლა ნამდვილად დასრულებული არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა, „რა თქმა უნდა, ნოკდაუნი არ არის სასიამოვნო მდგომარეობა, მაგრამ ეს არ არის ბოლო რაუნდი. და ბოლო რაუნდი იქნება ჩვენი და ქართველი ხალხის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.       

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ და მისი მთავრობის არასწორი კონცეფციები უზარმაზარ საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს.

„მათ [ქართულმა ოცნებამ] მოიპოვეს რიცხობრივი უმრავლესობა, მაგრამ … შეიძლება პარლამენტში მჯდომი ხალხის მხარეს არის წარმოუდგენლად დიდი ფული, რაღაც ეტაპზე მეტი ხმები და მეტი ადგილები პარლამენტში; მე მგონია, რომ ისინი არ არიან უმრავლესობა იმიტომ, რომ  ისინი არ არიან მთავარი უმრავლესობა; მთავარი უმრავლესობა – მორალური, ზნეობრივი, სიმართლის უმრავლესობა ვართ ჩვენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ გაგვისწრო ძალამ, რომელიც არ იღებს დმოკრატიის თამაშის არცერთ წესს და მუდმივად შეტევის ქვეშ ვიმყოფებით“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ, ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მომზადებისას, პარტიის რამდენიმე ლიდერი სვამდა კითხვას, იყო თუ არა შესაფერისი დრო „სიმართლის ლაპარაკისთვის“. 

„მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამაზე უკეთესი მომენტი სიმართლის სათქმელად არ არსებობს“, – განაცხადა მან, „ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებას სულ უფრო მეტად არ მოსწონს ეს მთავრობა და ეს გარდაუვალი პროცესია“.

მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ გაუხარდება ახალი მთავრობის მარცხი. 

„მათ თუ ამ ტემპით წაიტეხეს კისერი, როგორც ახლა აკეთებენ, ჩვენი ქვეყანა დიდი ხანი აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის „ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც თანმიმდევრულად აყენებს საქართველოს ევრო–ატლანტიკური მოდერნიზაციის და პოლიტიკური კურსის გზაზე“.

„ჩვენ ვართ ყველაზე პატრიოტული პარტია საქართველოში“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მყარად უარვყოფთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის ჩვენს გზას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ესენიც [ახალი მთავრობა] ამბობენ, ‘ევროკავშირი და ნატო გვინდა’, მაგრამ მარტო თქმა არ კმარა. თუ შენ გინდა ევროკავშირი და ნატო, რუსეთის ჯაშუშები უნდა ისხდნენ ციხეში და არ უნდა გაუშვა, როგორც პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა პარლამენტის 5 დეკემბრის დადგენილება, რომელმაც 190 პატიმარი პოლიტიკურ პატიმრად ცნო, მათ შორის რამდენიმე ის პირიც, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროკავშირზე და ნატოზე, არ შეიძლება სტალინის ძეგლი აღადგინო ალვანში. მე ვიცი, რომ არაპოპულარულია ამის თქმა იმიტომ, რომ ვიცი, რომ ზიგიერთ ჩვენ ამომრჩევლებს სტალინი ისევ კარგი კაცი ჰგონია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სტალინის ძეგლი ალვანში შარშან მისი პირადი მითითებით აიღეს.  

მან ასევე განაცხადა, რომ იმ პირების ძალისხმევა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის განადგურებას ცდილობენ, ჩაიშლება, რადგანაც პარტია ძლიერი და ერთიანია.

„ჩვენ ვიყავით ერთიანი, ვართ ერთიანი და აუცილებლად უნდა დავრჩეთ ერთიანი“, – განაცხადა სააკაშვილმა. ბოლო დროს ქართულ პრესაში ვრცელდებოდა სპეკულაციები ნაციონალ მოძრაობის შიგნით არსებულ შესაძლო განხეთქილებაზე.  

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში ნარკოდანაშაულის დონე გაიზარდა.  

„მოვიდა ის ხალხი [სამართალდამცავ სტრუქტურებში], ვინც თავის დროზე  ნარკობარიგა იყო საქართველოში ცნობილი. ახლა მიყვებოდნენ, რომ ყველაზე მეტად ახლა შემოვიდა რუსეთიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, რომელსაც ქვია „კროკოდილი“; თურმე როცა გაიკეთებ, თუ დალევ, გგონია რომ მიდიხარ წინ და იწყებ სიარულს უკან“, – განაცხადა სააკაშვილმა, რასაც დარბაზში აპლოდისმენტები და სიცილი მოყვა. შემდეგ სააკაშვილმა დასძინა: „აშკარად ამ რუსეთიდან შემოტანილი უბედურების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ქართული პოლიტიკური კლასის ერთ–ერთი სერიოზული ნაწილი“.

„დღეს აქ ამისთვის არ მოვსულვარ, რომ დღევანდელ მთავრობას ისტერიულად შევუტიო“, – განაცხადა მან, „ამათ დაუშვეს ამ თვენახევარში უფრო მეტი შეცდომა, ვიდრე ჩვენ დავუშვით რვა წლის განმავლობაში“.

ყრილობაზე გამოსვლისას, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის როგორ მოხდა, რომ პარტიამ, რომელმაც „დაამარცხა კორუფცია, შეძლო პენსიების გაათმაგება და სახელმწიფოებრიობის აშენება“, დამარცხდა არჩევნებში.
 
„სწორედ იმაზე, რამდენად სწორედ გავცემთ ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს არის დამოკიდებული ჩვენი პარტიის მომავალი და მთელი საქართველოს მომავალი“, – განაცხადა მერაბიშვილმა, „ამ შეკითხვებზე პასუხებზე დაყრდნობით ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პარტია და დავიწყოთ დიალოგი. ჩვენ უნდა ჩავერთოთ დებატებში და რაც ყველაზე მთავარია, ეს დებატები უნდა დავიწყოთ ჩვენი პარტიის შიგნით. მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ შევქმნით ისეთ პარტიას, რომელშიც თითოეული პარტიის წევრი იქნება აქტიურად ჩართული… ყველა გადაწყვეტილების მიღებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button