ახალი ამბები

რუსეთი გივი თარგამაძეს მოსკოვში არეულობების ორგანიზებაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა 13 დეკემბერს, რომ გააჩნია მტკიცებულება, რომელიც „ადასტურებს“, რომ ქართველი დეპუტატი გივი თარგამაძე რუს ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად მოსკოვში არეულობების ორგანიზებაში მონაწილეობდა.

გივი თარგამაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია, წინა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

რუსეთის  ფედერალურო საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ გამომძიებლებს აქვთ „მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გივი თარგამაძე არა მხოლოდ აფინანსებდა რუსულ ოპოზიციას“, არამედ კონკრეტული როლიც ჰქონდა 2012 წლის მაისში მოსკოვის ბალოტნაიას მოედანზე მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში.

„ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომიტეტმა უკვე მოამზადა მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში რუსეთის გენერალური პროკურატურის საშუალებით გადაეგზავნება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს“, – განაცხადა მარკინმა.

რუსულმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა Lifenews.ru-მ აუდიო ჩანაწერი გააავრცელა, რომელიც მისი თქმით, იყო საუბარი თარგამაძესა და ორ რუს ოპოზიციურ აქტივისტს შორის – ესენი არიან ლეონიდ რაზვოჟაევი და კონსტანტინ ლებედევი, ოპოზიციური მოძრაობის „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერის სერგეი უდალცოვის თანაშემწე, რომლებიც სავარაუდოდ მოსკოვში საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე საუბრობენ. ორივე, რაზვოჟაევიც და ლებედევიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და მათ მასობრივი არეულობის მოწყობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს მასალა იმ მტკიცებულებებს შორისაა, რომელიც მან გამოძიების პროცესში მოიპოვა. თუმცა, პრესისთვის მათ გაცნობაზე უარი განაცხადა.
ოქტომბერში რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო სერგეი უდალცოვის და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური აქტივისტის წინააღმდეგ.

უდალცოვს ბრალად ედებოდა მასობრივი არეულობების დაგეგმვა „უცხოელი მოქალაქეების“ დახმარებით – ამგვარი ბრალდება დოკუმენტურ ფილმში გაჟღერდა, რომელიც ტელეკომპანია NTV-მ გაუშვა.

დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია – 2“ მოიცავს ფარულად ჩაწერილ ვიდეოს, სადაც სავარაუდოდ ჩანს გივი თარგამაძე, რომელიც რამდენიმე რუს ოპოზიციონერს ხვდება, რომელთა შორის სავარაუდოდ ასევეა უდალცოვი. ფილმის თანახმად, შეხვედრის მონაწილეები რუსეთში ფართომასშტაბიან არეულობებს გეგმავდნენ პრეზიდენტ პუტინის ჩამოგდების მიზნით.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა 2012 წლის ივნისში მისკში გაიმართა.

თარგამაძემ უარყო რაიმე მონაწილეობა და მას პუტინის მიერ გამოგონილი პროპაგანდა უწოდა. უდალცოვმაც უარყო, რომ მოსკოვში არეულობების ორგანიზებაში თარგამაძეც მონაწილეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button