ახალი ამბები

ხადური: ქუთაისში პარლამენტის შენობა 340 მლნ ლარზე მეტი დაჯდა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა 340 მლნ ლარზე მეტი დაჯდა და ეს ერთ–ერთი საკითხია ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან გაწეულ მილიარდიან ხარჯებს შორის, რომელთა მიზნობრიობაც ეჭვქვეშ დგას.

მაისში წინა მთავრობის ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ ახალი პარლამენტის მშენებლობაზე იმ დროისთვის 133.7 მლნ ლარი იყო დახარჯული.

„ძალიან ბევრი ხარჯია, რომელიც გაწეულია არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, რომელთა არა მარტო მიზნობრიობაა ეჭვქვეშ, არამედ რეალური ღირებულება იმ გადარიცხული თანხებით შესრულებული სამუშაოსი ასევე ეჭვქვეშ დგას“, – განაცხადა ფინანსთა ახალმა მინისტრმა 31 ოქტომბერს. 

„პარლამენტის შენობა, მაგალითად, ქუთაისში, რომელიც 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და ის შენობა პრაქტიკულად გამოუსადეგარია სამუშაოდ. ერთადერთი რაც იქ კარგია, ეს არის დარბაზი. იქ პრაქტიკულად წარმოუდგენელია აპარატის მუშაობა", – განაცხადა მან. 

"შესაბამისად ეს უნდა შევისწავლოთ მართლაც რა დაჯდა ეს შენობა, რატომაა ასე უხარისხო, როცა ამხელა ფულია გადახდილი", – განაგრძო ხადურმა, "იმაზე აღარ ვამბობთ რომ წყალი ჩადის იმ შენობაში ნებისმიერი არა მარტო წვიმის, არამედ ნამის დროსაც კი". 

ახალი მთავრობის პირველი ოფიციალური სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ხადურმა ასევე მოიყვანა მაგალითად ანაკლიაში კაფეს აშენება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მლნ ლარი დაუჯდა.

„დაახლოებით მილიარდი ლარია ბოლო სამ წელიწადში ასეთი ტიპის ხარჯი გაწეული“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, რომელიც პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი ყოფილმა მთავრობამ წარადგინა, თუმცა მასში ახალი მთავრობა კორექტივების შეტანას გეგმავს.

მთავრობის დამტკიცების დროს პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახება იმ დაპირებების შესრულების კონკრეტული ვადები და ციფრები, რომელიც ახალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button