ახალი ამბები

საქართველოს პატრიარქი: ‘დარწმუნებული ვარ, არ იქნება შურისძიება, მტრობა’



ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 21 ოქტომბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა 28 ოქტომბერს, რომ საქართველოს წინა და ახლანდელმა მთავრობებმა ერთად უნდა იმუშავონ ქვეყნის სასიკეთოდ და არ უნდა იყოს „შურისძიება და მტრობა“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში, სადაც მოხდა მთავრობის ცვლილება, ძველი და ახალი ხელისუფლება ამოუდგება ერთმანეთს მხარში, არ იქნება შურისძიება, არ იქნება მტრობა, არამედ ვიქნებით ძმები“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა თავის საკვირაო ქადაგებაში სამების საკათედრო ტაძარში.

27 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში, სადაც საქართველოს პარტიარქი ბიძინა ივანიშვილს პრემიერ–მინისტრობას ულოცავს, ილია მეორე უსურვებს ივანიშვილს, ქვეყანაში ისეთი გარემო შექმნას, სადაც „მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

„თორმეტი წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო; და ახლაც, როდესაც ქვეყნის უღელი დაიდგით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ“, – ნათქვამია წერილში. 

საქართველოს პატრიარქმა დავით უსუფაშვილსაც მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა და განუცხადა მას: „თქვენი ცოდნა და გამოცდილება, თქვენი გონიერება და სიდინჯე, ვფიქრობთ, დიდად წაადგება საქართველოს ამ ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობით სავსე პერიოდის დაძლევაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button