ახალი ამბები

სააკაშვილი: გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის კუთხით

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქვს „ისტორიული შანსი“ ნატოში ინტეგრაციის გზაზე „სერიოზულად“ წაიწიოს წინ.

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს, რომელმაც დღესვე ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ორივე ლიდერის მიმართ თავის გზავნილში ანდერს ფოგ რასმუსენმა ხაზი გაუსვა ყველა მხარის მიერ რეფორმებისა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი კონსოლიდაციის ერთობლივად განხორციელების მნიშვნელობას, ნათქვამია ნატოს პრეს–რელიზში.

„ეს თქვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ისტორიული მომენტია“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დაადასტურა ნატოს მზადყოფნა აღმოუჩინოს საქართველოს შემდგომი დახმარება  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირებაში.

„ალიანსი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ახლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – ნათქვამია ნატოს პრეს–რელიზში.

ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვა გავრცელდა, სადაც მან ასევე გაუსვა ხაზი კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთობლივად მუშაობის საჭიროებას, რათა მოხდეს წინსვლა ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

„ახლა ამ არჩევნების შემდეგ, იმის გამო როგორც ჩატარდა ეს არჩევნები, ჩვენ ყველას გვაქვს  ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„დეკემბერში არის ნატოს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები და ახლა როგორც არასდროს და მე ამის შესახებ ვუთხარი ასევე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ გვმართებს ერთად მუშაობა, მათ შორის არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან, რომ წავიწიოთ  ნატოში ინტეგრაციის კუთხით წინ“, – აღნიშნა მან და ტრადიციულად არ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთ თავის გამოსვლაში არ მოუხსენებია სახელით და გვარით.  

„მე მზად ვარ, როგორ პრეზიდენტი, ჩემი საპრეზიდენტო შემდგომი ერთი  წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ახლა ამ არჩევნების ფონზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ პირობებში როცა ყველამ აღიარა ეს არჩევნები დემოკრატიის ნიმუშად, იმ პირობებში როდესაც ჩვენ შევინარჩუნეთ დემოკრატიული ჩარჩო საქართველოში და რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ჩვენ გვაქვს მართლაც ეს შესაძლებლობა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ილუზიები იმის შესახებ, რომ საქართველოს „დამპყრობელთან“ პრობლემები „რომელიმე პოლიტიკური ლიდერის“ გამო აქვს, ამ არჩევნების შემდეგ "გაიფანტება", მათ შორის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები მუდივად იმეორებენ, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილს არ დაელაპარაკებიან.

„პრობლემა არის ფუნდამენტური, ვიღაცისთვის ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა, ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად როგორც არასდროს საჭიროა ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ამ კურსს არ აქვს არანაირი ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, ვინც არ უნდა იჯდეს ამ სასახლეში“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „აღარ უნდა გავაჭიანუროთ“ არჩევნების შედეგების საბოლოო დაზუსტება და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი.

მისი თქმით, ახალ მთავრობას დახვდება ისეთი ბიუჯეტი, რომელიც „სავსეა, როგორც არასდროს“.

„ახლა უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის გადაბარება, მისი ქართველ ხალხზე მოხმარება და უნდა გაგრძელდეს ასევე საგარეო პოლიტიკური ევროატლანტიკური კურსი“, – განაცხადა მან, „ჩვენ ამას ყველანაირად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეუწყობთ ხელს, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა –  ჩვენ ყველანი ვართ ქართველები – ჩვენი ამოცანა არის საქართველოს წინსვლა“.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა საარჩევნო კამპანიის აგრესიული რიტორიკა აღარ უნდა განაგრძონ.

„პოლიტიკოსებიც უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კამპანია დამთავრდა, აიღონ თავის თავზე  პასუხისმგებლობა და მოვეშვათ საარჩევნო რიტორიკას, აგრესიას, რაღაც სხვა გამონათქვამებს და რეალურად ხელდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ იმისთვის, რასაც ხალხმა ხმა მისცა, საქართველოს შემდგომ პროგრესს და  თითოეული ქართული ოჯახის პროგრესს“, – განაცხადა მან თავისი ვიდეო–მიმართვის დასასრულს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button