skip to content
ახალი ამბები

თბილისის უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებში მისი შექმნიდან მესამე დღეს ცვლილებები შევიდა

თბილისის უსაფრთხოების ახალი საქალაქო სამსახურის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მესამე დღეს, 11 ოქტომბერს მის დებულებაში შევიდა ცვლილებები, რომელიც აღნიშნულ სამსახურს საჭიროების შემთხვევაში აღარ აკისრებს მოვალეობას დაიცვას თბილისის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოება.

თბილისის მერის შესაბამის ბრძანებაში შესული ცვლილებების შედეგად, დებულებიდან ასევე ამოღებულია ზოგადი ნორმა, რომელიც ახალ სამსახურს „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს“ აკისრებდა.

ახალ სამსახურს დარჩა ფუნქცია უზრუნველყოს თბილისის მერიის ობიექტების, ქალაქში არსებული ბაღების, პარკების, სკვერების, ასევე მერიისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოება და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვა.

ახალი სამსახურის შექმნის გამო პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი დაცვის პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც თბილისის მერიის ობიექტებს იცავდნენ. ზოგიერთი მათგანის განცხადებით, მათ მერიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების ახალ სამსახურში სამუშაოდ გადასვლა შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის შესახებ გააფრთხილეს.

დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მათი სამსახურებიდან შესაძლო დათხოვნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გააპროტესტეს. კოალიციის შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაიცავს უსამართლოდ გათავისუფლებული ნებისმიერი პოლიციელის ინტერესებს.

„მინდა მოვუწოდო და მივმართო თხოვნით მოქმედ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესში მსგავსი მოძრაობებისგან, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისგან მაქსიმალურად თავი შეიკავონ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს და ასეთი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში კოალიციასთან წინასწარი კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკა ზღულაძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე გაარკვევს დაცვის პოლიციის წარმომადგენელთა პრეტენზიების დეტალებს.

იმავდროულად, შსს–ის პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ უარყო ინფორმაცია დაცვის პოლიციის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა მან დაადასტურა, რომ თანამშრომლებმა მიიღეს შეთავაზება მერიისგან უსაფრთხოების ახალ სამსახურში გადასვლის თაობაზე.  მისი თქმით, ვინც ამ წინადადებას არ დათანხმდება, ის თანამშრომლები სხვადასხვა ობიექტებზე გადანაწილდებიან.

მან ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, რომ დაცვის პოლიციასა და მერიას შორის ქალაქის ობიექტების დაცვის თაობაზე არსებული ხელშეკრულება გაწყდა. ეს ფაქტი დაადასტურა ასევე თბილისის მერიის პრესსამსახურმაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button