ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერებთან ერთად გეგმავს ეგზით პოლების შედეგებს დიდ ეკრანებზე გაეცნოს

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით 14 ადგილზე მხარდამჭერებთან ერთად აპირებს ქუჩაში დამონტაჟებული დიდი ეკრანებიდან ეგზით პოლების შედეგების გაცნობას.

ასეთი შეკრება დაანონსდა თბილისში რვა ადგილას, მათ შორის თავისუფლების მოედანზე და საქართველოს კიდევ ექვს ქალაქში: ქუთაისში, სამტრედიაში ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში.

ეს მხარდამჭერებისგან წამოსული ინიციატივაა, განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, რათა „ერთად ვიზეიმოთ საღამოს გამარჯვება“. 

„მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, ოღონდ რა საკვირველია წინასწარ ამაზე არაფერს არ ვამბობ“, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ მათი [მხარდამჭერების] თხოვნის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ წუხელ შეწყვიტა ფუნქციონირება ე.წ. „must carry“-ის პრინციპმა… ვიყოთ ერთად, დავდგათ ეკრანები, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ეგზით პოლის შედეგების ერთად ყურება“, – განაცხადა მან. 

ფანჯიკიძის თქმით, ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები ეგზით პოლის გამოცხადების დროს თბილისში "ქართული ოცნების" შტაბში იქნებიან. 

კანონის თანახმად, კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.

ტელეკომპანია "მაესტრომ" განაცხადა, რომ მან ეგზით პოლის ჩასატარებლად კომპანია Penn Schoen Berland-ი დაიქირავა, რომელიც ივანიშვილისთვის ატარებს კვლევებს და მას კონსულტაციებს უწევს.

ტელეკომპანიებმა "რუსთავი 2" და "იმედი" ეგზით პოლებისთვის Edison Research-ი დაიქირავეს, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – კომპანია GfK. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button