
სააკაშვილი: თუ საქართველომ 1 ოქტომბერს გადააბიჯა ეს რუბიკონი, აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „რუბიკონს“ გადალახავს, აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება მის შემადგენლობაში.
მან ეს განცხადება ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის კამპანიის აქციაზე გააკეთა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 19 წლის თავზე.
„დღეს არის სოხუმის დროებითი ოკუპაციის დღე – ეს იყო უდიდესი მარცხი ჩვენი ერის“, – განაცხადა მან, „მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით დაქსაქსულები; მარცხი იმიტომ, რომ ჩვენი დამპყრობლის აგენტები ხელს აფათურებდნენ ხელისუფლებაში; მარცხი იმიტომ, რომ ჩვენი თავდაცვის მინისტრი მაშინდელი გაიქცა შემდეგ დამპყრობელ ქვეყანაში და ფული აიღო იმათგან; მარცხი იმის გამო, რომ საქართველო კუთხეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“
„და მე დღეს, როგორც არასდროს, გეუბნებით, სოხუმის დროებითი ოკუპაციის დღეს: თუ საქართველომ 1 ოქტომბერს გადააბიჯა ეს რუბიკონი, აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს ერთიანობას“, – განუცხადა მან ქუთაისის სტადიონზე შეკრებილ მხარდამჭერებს.
„ჩვენ ვეღარასდროს ვეღარ დაგვქსაქსავენ, ჩვენ ვეღარასდროს ვეღარ დაგვანაწევრებენ, ჩვენ ვეღარასდროს ვერ წაგვკიდებენ ერთმანეთზე, ჩვენ ვეღარასდროს წამოგვაგებენ პროვოკაციებზე, ჩვენ ვეღარასდროს ვერ აგვაღებინებენ ხელს ერთიანობაზე და მომავალზე“.
„ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომავალი… და არავის არ დავუთმობთ ჩვენს მომავალს, ჩვენ სიყვარულს და ჩვენ ერთობას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებას უპირისპირდება და მას მხედველობაში მთავარი ოპონენტი, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნება" ჰყავდა, „კლასიკური რუსული სქემებით“ მოქმედებს, სადაც მთავარია ფული და არა ხალხი, რომელთაც „კომპრომატებით“ თავგზა უნდა აუბნიო.
„ჩვენი პასუხი არის: ჩვენ ვართ ერი და არა ის საქონელი, როგორც თქვენ გეგონათ“, – განაცხადა სააკაშვილმა ოპონენტების მისამართით.
„ის, ვინც დღეს და ამ დღეებში ქვეყანას კვებავს კომპრომატებით, მას თავისი ხალხი ეზიზღება“, – განაგრძო მან, „მას მიაჩნია, რომ ხალხით მანიპულირება ძალიან ადვილია: მთავარია დაშოკო, მთავარია პატარა ცხვირწინ რაღაც დაუკიდო, მთავარია რომ რაღაცას პატარას დაპირდე; მთავარია რომ დააშინო; მთავარია წაეძველმიჭო ცოტათი, დაჩაგრო და მერე ხალხი თავისით წამოგყვება. ეს ის ხალხი არ არის, მაგათ, რომ წარმოუდგენიათ, ეს არის ქართველი ერი“.
„ხომ ეგონათ რომ ყველაფერი გაჩარხეს და ყველაფერი წესრიგში იყო, ხომ იკითხა მათმა ბატონ–პატრონმა როდის არის საქართველოში არჩევნებიო? ხომ მისცა 2 მილიარდი, ხომ დაუმზადა კომპრომატები, ხომ გაუკეთა ყველაფერი, მაგრამ ყველაფერ ამის შემდეგ პირველ ოქტომბერს ერთი სუბიექტი გამორჩათ ამ მთელი პროცესის – ყველაფერი თავის ადგილზეა ფულიც, გაყიდული ხალხიც, კომპრომატებიც – მაგრამ ერთი ვინმე გამორჩათ, ჩვენ გამოვრჩით, ქართველი ერი გამორჩათ მხედველობიდან“, – განაცხადა მან.
„ამიტომ, როგორც არასდროს, მე ვარ ამაყი ჩემი ხალხით. არცერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი, მთავრობები წავლენ და მოვლენ, მაგრამ მთავარი რაც ჩვენ არასდროს არ უნდა დავკარგოთ, რაც ამდენი წელი გვიშენებია, რაც გადაგვილახავს, არ უნდა დავუშვათ არასოდეს, რომ ამ ქალაქში, სადაც ბავშვები როგორც იქნა იზრდებიან ნორმალურ ატმოსფეროში, როდესმე დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები“, – განაცხადა მან ქუთაისში გამოსვლისას.