
საქართველოს პატრიარქი პატიმართა წამების საქმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მოუწოდებს
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა ყველას, რომ ბოროტად არ გამოიყენონ პატიმართა წამების საქმე, „საქართველოს და ადამიანების დასამცირებლად“.
„ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ, არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს“, – განაცხადა მან 21 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი გულისწყრომა და ჩვენი მწუხარება ამასთან დაკავშირებით და მე მინდა ყველას გითხრათ, რომ ამას ნუ გამოიყენებთ ბოროტად, ამას ნუ გამოიყენებთ საქართველოს და ადამიანების დასამცირებლად“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
მან ასევე მოუწოდა სტუდენტებს თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან, რათა მშვიდობიანად მიაღწიონ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი სტუდენტი უნივერსტიტეტში შეჭრაზე და იქ დესტაბილიზაციის და არეულობების გამოწვევაზე ფიქრობს.
„მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არეულობა არ უნდა შეიყვანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისედაც არ გვაკლია ჩვენ ეს არეულობა“, – განაცხადა მან.
„არაჯანსაღი მდგომარეობით სარგებლობენ ზოგიერთნი და უნდათ, რომ არასტაბილური სიტუაცია შემოიტანონ საქართველოში. ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ დაგვრჩა თითქმის ერთი კვირა პარლამენტის არჩევნებამდე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ ამ დღემდე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს არჩევნები არ გაყალბდეს.
This post is also available in: English Русский