PACE-ს დელეგაცია საქართველოს წინასაარჩევნო მისიით ესტუმრება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთწევრიანი დელეგაცია საქართველოს 11–12 სექტემბერს ეწვევა და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ სიტუაციას შეაფასებს.
დელეგაცია, რომელსაც იტალიელი ქრისტიან–დემოკრატი დეპუტატი ლუკა ვოლონტე უხელმძღვანელებს ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდან, პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
დელეგაცია ასევე შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს ახალი მემარჯვენეებიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას და დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს.
„სრული 21–წევრიანი ასამბლეის დელეგაცია დაბრუნდება ქვეყანაში, რათა საბოლოო შეფასების გაკეთებამდე ხმის მიცემის პროცესს დააკვირდეს“, – განაცხადა PACE–მ 6 სექტემბერს გავრცელებულ პრეს–რელიზში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)