
„ქართული ოცნება“ უერთდება „ეს შენ გეხებას“ მიერ მოდიფიცირებულ ქცევის წესებს
ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ უერთდება წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა იმ მოდიფიცირებულ ქცევის წესებს, რომლებიც სამოქალაქო კამპანიამ „ეს შენ გეხება“–მ ხელახლა შესთავაზა პარტიებს ხელმოსაწერად, განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, კოალიცია ეთანხმება დეკლარაციის დასკვნით დებულებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები “საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ ზემოთჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს“.
ფანჯიკიძემ 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაცული უნდა იყოს ყველა ის პუნქტი რომელიც წინ უძღვის ამ დასკვნით დებულებას და რომლიდანაც „ძალიან ბევრი“ დღეს უკვე არ სრულდება „ჩვენი მომხრეების დაჭერის, ჩვენს მომხრეებზე ზეწოლის და მათ წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის“ გამო.
„მიუხედავად ამისა, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება“ უერთდება ამ დოკუმენტს და ხელს აწერს მასზე“, – აღნიშნა მან.
თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აქტიური დისკუსია მიმდინარეობს ქცევის წესებზე შეთანხმების საჭიროების შესახებ, რისკენაც საარჩევნო სუბიექტებს გასულ კვირას ასევე მოუწოდა საქართველოში აკრედიტებული ელჩების ჯგუფმა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალის მიერ ხელმოწერილი რაიმე ერთიანი დოკუმენტი.
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ხელი მოაწეროს „ეს შენ გეხებას“ ბოლო შეთავაზებას, ვინაიდან დასკვნითი ფორმულირება შესაძლებლობას აძლევს „ქართულ ოცნებას“ არ აღიაროს არჩევნების შედეგები მის მიერ ქცევის რიგი წესების დარღვევის გამო.