ახალი ამბები

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ დეპუტატად ბარამიძე იყრის კენჭს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა ქალაქ ბათუმში, რომელსაც სააკაშვილმა თავის ცხოვრებაში „ყველაზე ძვირფასი რამ“ უწოდა.

„ეს კაცი ერთხელ არ წასულა რაიმე კომპრომისებზე რაიმე უწმინდურ ძალასთან და ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო ყველას ერთად გვექცია უკეთეს ქვეყნად“, – განაცხადა სააკაშვილმა ბარამიძის შესახებ ბათუმში მისი წარდგენის დროს. 

მისი თქმით, ბარამიძე „არის ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი“ და „ჩემი ყველაზე ახლო პოლიტიკური თანამებრძოლი და მეგობარი“.

ბარამიძე დიდი ხანია უკვე მთავრობის წევრია სააკაშვილის ადმინისტრაციაში. თავდაპირველად მან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა; შემდეგ 2004 წლის ივნის–დეკემბერში თავდაცვის მინისტრი გახდა. 2004 წლის დეკემბრიდან ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის დაწყებამდე იგი თითქმის 10 წელი დეპუტატი იყო.

მას შემდეგ, რაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა, 3 სექტემბრამდე ბარამიძეს მთავრობიდან წასვლა მოუწევს, სადაც მას ვიცე–პრემიერის პოსტიც უკავია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ბარამიძეს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე.

This post is also available in: English Русский

Back to top button