
ნაციონალური მოძრაობის პოზიცია საარჩევნო ქცევის წესებზე შეთანხმების მოწოდებებზე
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ პარტიათა ქცევის წესებთან დაკავშირებით რაიმე ახალი დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს, თუმცა სრულად იზიარებს და უერთდება საქართველოში აკრედიტებული ელჩების ჯგუფის მოწოდებას ცესკო–ს მიერ დადგენილი შედეგების პატივისცემისკენ და მოუწოდებს მთავარ ოპონენტს, „ქართულ ოცნებას“ ანალოგიური პოზიცია გამოხატოს.
დიპლომატების მიერ 17 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პარტიას დაიცვას 17-პუნქტიანი ქცევის კოდექსი, შემოთავაზებული “ეს შენ გეხება” კამპანიის ფარგლებში; პატივი სცეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს, ისე იმ პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, უპირველესად კი OSCE/ODIHR-ის შეფასებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს“.
„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ უპირობოდ შეუერთდნენ იმ ფორმულირებას, რომელიც ელჩებმა შემოგვთავაზეს, ნებისმიერი იმ ფორმით, რომელიც მათ სურთ. ამის გარეშე ნამდვილად ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რა მიზნებს ემსახურება „ქართული ოცნების“ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 18 აგვისტოს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთ თვეზე მეტი დასჭირდა პოზიციის ჩამოსაყალიბებლად აღიარებენ თუ არა ისინი არჩევნების შედეგებს“, – დასძინა მან Civil.ge-სთან საუბარში.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პარტიების ქცევის წესებთან დაკავშირებით კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ 17 აგვისტოს წარმოდგენილ მოდიფიცირებულ შეთავაზებაზე და განაცხადა, რომ მმართველი პარტია რაიმე ახალი დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს, რადგან ერთი თვის წინ მის მიერ მომზადებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციასთან ერთად ასევე შეუერთდა „ეს შენ გეხებას“ თავდაპირველ 17–პუნქტიან წინადადებებს ქცევის წესების თაობაზე.
„ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ თავიდან მოხდეს რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, ელჩების მოწოდება ფაქტიურად იმეორებს მათი დეკლარაციის იმ მთავარ პუნქტს, რომლის მიხედვითაც ხელმომწერმა პარტიებმა უნდა აიღონ ვალდებულება „ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“.
სწორედ დეკლარაციის ეს პუნქტი გახდა დავის მთავარი წყარო, რომლის მიღებაზეც „ქართული ოცნება“ თავს იკავებს. მართალია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის უერთდება 17–პუნქტიან ინიციატივას, მაგრამ მან შესთავაზა პარტიებს აიღონ ვალდებულება, რომ „არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტა“ მოხდეს. საბოლოო ჯამში, მართალია „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ დათანხმდნენ „ეს შენ გეხებას“ მიერ შემოთავაზებულ 17–პუნქტიან დეკლარაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალის მიერ ხელმოწერილი რაიმე ერთიანი დოკუმენტი.
„ეს შენ გეხება“ შეეცადა ორივე მხარის ინტერესი აესახა პარტიათა ქცევის წესებზე გამოქვეყნებულ მოდიფიცირებულ წინადადებებში და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, საბოლოო შეთანხმების მიღწევის პროცესი დაიწყოს დაუყოვნებლივ“.
ტექსტი, რომელიც 18 პუნქტიანი გახდა მას შემდეგ, რაც მასში მმართველი პარტიის დეკლარაციის წინადადებები შევიდა, მათ შორის სიძულვილის ენის გამოუყენებლობაზე, ბოლო აბზაცში შემდეგ ფორმულირებას შეიცავს: “საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ ზემოთჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს“.
ამგვარი ფორმულირება, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, არ არის მისაღები, რადგან „უკვე დღეს იძლევა შესაძლებლობას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ აღიაროს არჩევნების შედეგები, რადგან მან არაერთხელ დაარღვია“ ქცევის შემოთავაზებული წესები, მათ შორის სიძულვილის ენის გამოუყენებლობის კუთხით.
"ქართული ოცნება", თავის მხრივ, ასევე ადანაშაულებს ნაციონალურ მოძრაობას 17–პუნქტიანი ქცევის წესების დარღვევაში.
ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის პოზიცია ელჩების ჯგუფის მოწოდებასა და კამპანია „ეს შენ გეხებას“ მოდიფიცირებულ წინადადებებზე ჯერ–ჯერობით უცნობია. "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ შაბათს Civil.ge-ს განუცხადა, რომ ამ საკითხზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)