ახალი ამბები

სააკაშვილი ომთან დაკავშირებულ ინფორმაციაში მეცხრე არხზე დაშვებული შეცდომის გამო ივანიშვილს უტევს

  • ‘იდიოტის გარდა არავინ არ დასვავს ამ კითხვას, რომ ბოლოს და ბოლოს ვინ დაიწყო ეს ომი’
  • ‘პუტინის განცხადება დანაშაულის აღიარებაა’
  • სააკაშვილი ივანიშვილს: ‘თვითონ თქვენმა პატრონმა პუტინმა დღეს თქვა, რომ მან დაიწყო ომი’.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით „მეცხრე არხზე“ დაშვებული შეცდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოიყენა რათა ბიძინა ივანიშვილი გაეკრიტიკებინა, რომლის მისამართით პრეზიდენტმა განაცხადა რომ ვლადიმერ პუტინი "ქართული ოცნების" ლიდერის და „მისი მონების“ „პატრონია“. 

8 აგვისტოს ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც მაშინდელ მოვლენებს ეხებოდა, „მეცხრე არხის“ წამყვანმა 12 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საინფორმაციო სააგენტო GHN–ის მიერ მომზადებული ტექსტი წაიკითხა, სადაც ნათქვამი იყო: „2008 წლის 7 აგვისტოს რუსი სამხედროების ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებს და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ლეგალურად შეიყვანა“.

3 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა იმ ინფორმაციის გამო, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა "ლეგალურად შეიყვანა" თავისი ჯარები, და ამაში ბრალი საინფორმაციო სააგენტოს დასდო, რომლის ტექსტიც წამყვანმა წაიკითხა. საინფორმაციო სააგენტო GHN–მა განაცხადა, რომ მან შეცდომა დაუშვა, რადგან მის თავდაპირველ ტექსტში სიტყვა "ლეგალურად" ბრჭყალებში არ იყო ჩასმული.

„მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ბოდიშს იხდის 12 საათიან გამოშვებაში გასული უზუსტობის გამო. აქვე მეცხრე არხი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ არ ეთანხმება ტექსტის ამგვარ ფორმულირებას“, – განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა. 
   
„მეცხრე არხი“ ერთადერთი ტელეკომპანია არ ყოფილა, რომელმაც ეს ტექსტი წაიკითხა; ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა 7 აგვისტოს 11 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირი ჩართვისას იგივე ტექსტი გამოიყენა და თქვა რომ რუსეთმა „ლეგალურად“ შეიყვანა თავისი ჯარი რეგიონში. ტელეკომპანია „იმედის“ თანამფლობელი სააკაშვილის მოკავშირე და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძეა.

8 აგვისტოს ფოთში საუბრისას, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსეთის საჰაერო დარტყმების ერთ–ერთი სამიზნე იყო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: „დღეს დილით ერთ–ერთი პოლიტიკური პარტიის სატელევიზიო არხმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა, რომლებმაც დაბობმეს ჩვენი ტერიტორია, რომლებიც შემოიჭრნენ ფეხქვეშ გათელეს  ჩვენი სოფლები, ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხის სიცოცხლეები, რომ თურმე რუსეთის არმია მოქმედებდა სრულიად კანონიერად საქართველოს ტერიტორიაზე“.

„ის ხალხი ვინც ამას ამბობს, ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ შეუძლიათ იფიქრონ, რასაც ფიქრობენ, ვერავინ ვერ აუკრძალავს ფიქრს. მათ შეუძლიათ თქვან რაც უნდათ, რაც არ უნდა ამაზრზენი და საზიზღარი იყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მაგრამ რაღაც ელემენტარული ღვთისნიერება, რაღაც იოტის ოდენა წესიერება მაინც არ უნდა გაგაჩნდეს? რომ ეს არ ილაპარაკო ყველაფერი იმ დღეს, როცა ყველანი გაჩერებულები უნდა ვიყოთ და პატივს მივაგებდეთ ჩვენ დაცემულ თანამოქალაქეებს, ჩვენ მებრძოლებს და ჩვენ მშვიდობიან ხალხს? ნუთუ პატარა სოლიდარობა, პატარა უნარი ტკივილის გაზიარების ამ ხალხს საერთოდ არ გააჩნია?“

„არც ერთი კანონი არ კრძალავს საქართველოში ასეთ ფიქრს და ასე ლაპარაკს, მაგრამ არც ერთი კანონი არ გვიკრძალავს ჩვენ, რომ გამოვხატოთ ის, რასაც  ამ ხალხის  მიმართ ვფიქრობთ“, – განაგრძო მან.

„ერთია, რომ გეზიზღებოდეს შენი მთავრობა, მეორეა, რომ ამართლებდე შენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას და შენი ქვეყნის დაპყრობის და განადგურების მცდელობას“, – განაცახდა მან. 

შემდეგ მან საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შესახებ განაგრძო და მას „დანაშაულის აღიარება“ უწოდა.  პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ თბილისის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმა აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ჰქონდა მომზადებული და ამას გარდა, სამხრეთ ოსეთის მებრძოლებსაც წვრთნიდა ამ გეგმის ფარგლებში.  

„ყველაზე პარადოქსი კი, მეგობრებო ჩემო, ის არის, რომ დღეს იმ ომის მთავარმა ინიციატორმა და დამნაშავემ ვლადიმერ პუტინმა სრულიად ნათლად თვითონ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდა და ამზადებდა შეიარაღებულ რაზმებს ჩვენი დამოუკიდებელი, სუვერენული ტერიტორიის შიგნით, რაც არის საერთაშორისო აგრესიის კლასიკური სამართლებრივი განმარტება“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„თვითონ აღიარა [პუტინმა]. და ამ წუთში, როცა გამოდის ეს კაცი და ‘მე გავაკეთე, ხო მე გავაკეთე და ვამაყობ ამით’, არიან ქართველი პოლიტიკოსები და მათი [მედია] საშუალებები, რუსული ფულით დაფინანსებული, რომლებიც ამბობენ, რომლებიც თესავენ გაურკვევლობას და დაბნეულობას ამ ყველაფრის გარშემო და ერთიდაიგივე იდიოტურ კითხვას სვამენ და იდიოტის გარდა არავინ არ დასვამს ამ კითხვას, რომ ‘ბოლოს და ბოლოს ვინ დაიწყო ეს ომი?’,“ – განაცხადა მან. 

„მე მინდა მივმართო ამ ხალხს, ამ კაცს და ამ ხალხს და მის მონებს, თვითონ თქვენმა პატრონმა პუტინმა დღეს თქვა, რომ მან დაიწყო ომი და ის ამითი ამაყობს. იქნებ გადახედოთ თქვენ ვერსიებს ამ მთელი ისტორიების და მოარგოთ იმას მაინც, რაც თვითონ პუტინმა განაცხადა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ეს როგორ გამოდის იცით? დამნაშავე რომ გამოდის და იძახის, რომ კი მე ჩავიდინე დანაშაული… და მისი ფულით დაფინანსებული ადვოკატი იძახის: ‘არა,  არა ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ’“, – განაცხადა სააკაშვილმა. „განსხვავება არ უნდა იყოს პუტინსა და თქვენს შორის? მე ამ ხალხს მინდა მივმართო. ის ხომ პუტინია და თქვენ ხომ ქართველები ხართ. და როგორ შეიძლება იყოს გაურკვევლობა და დაბნეულობა იმის შესახებ, რომ ვინ დაბომბა ჩვენი სახლები, ჩვენი ქალაქები, ვინ დაბომბა ეს პორტი?“.

ასევე 8 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინის „პირდაპირი აღიარება, რომ 2008 წლის აგრესია წინასწარგანზრახული ხასიათისა იყო, კონფლიქტის არსის შეფასებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა“.

„მისი განცხადება ადასტურებს საქართველოს მყარ პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს მოქმედებები სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დაგეგმილი ღონისძიება იყო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button