skip to content
ახალი ამბები

საია აცხადებს, რომ „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღება „უკანონოა“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი სატელიტური ანტენების დაყადაღების თაობაზე „უკანონო“ და „დაუსაბუთებელია“.

„მაესტროს ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია… სასამართლო არათუ აღწერს და აფასებს რაიმე მტკიცებულებას, არამედ საერთოდ არ ახსენებს არც ერთ მათგანს“, –  ნათქვამია საია–ს მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მისი თქმით, სასამართლოს განჩინებაში „მოყვანილია მწირი თეორიული და ჰიპოთეტური მსჯელობა „სტუდია მაესტროს“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ჩადენაზე“. 

საია–მ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, რადგანაც „მოსამართლე, ერთი მხრივ, უთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თუმცა, დასაბუთებაში მსჯელობს იმაზე, რომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დანაშაულის შესაძლო ჩადენის საფუძვლით დაედო, რაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობაა“.

ორგანიზაციის განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ არ მიეცა დაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან მისთვის მიუწვდომელია გამოძიების მასალები იმ მოტივით, რომ ის მიმდინარე გამოძიების მხარეს არ წარმოადგენს.

სატელიტური ანტენები, რომელთა დამონტაჟებასაც „მაესტრო“ აუდიტორიის გაფართოვების მიზნით რაიონებში აპირებდა, თვის დასაწყისში მას შემდეგ დააყადაღეს, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ მას „საკმარისი მტკიცებულება“ გააჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ „მაესტროს“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებთან „თვალთმაქცური გარიგება“ ჰქონდა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის მიზნით. გამოძიება არ დაწყებულა რომელიმე კონკრეტული პირის ან სუბიექტის წინააღმდეგ და შედეგად ჯერჯერობით ბრალიც არავისთვის წაუყენებიათ.

საია–ს განცხადებით, ამ ტიპის გამოძიება ვერ აქცევს „მაესტროს“ საქმის ფორმალურ მხარედ, ვინაიდან მისთვის მიუწვდომელია სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის საქმეში არსებული მტკიცებულებები.

„საქმის მასალებთან წვდომის შეუძლებლობა ზიანს აყენებს მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების სრულყოფილად რეალიზებას, რადგან პირისთვის, რომლის წინააღმდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილებაა გამოტანილი, უცნობია, თუ რა მასალები დაედო მას საფუძვლად, ხომ არ არის ეს მტკიცებულებები ფალსიფიცირებული, უკანონოდ მოპოვებული და ა.შ“, – აცხადებს საია.

იმავე გამოძიების ფარგლებში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ 20 ივნისს დაიწყო, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კუთვნილი ათი ათასობით სატელიტური ანტენა იქნა დაყადაღებული.

12 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე არგუმენტი წარმოადგინა, რომელთა საფუძველზეც ის აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მაესტრომ“ „ათასობით“ სატელიტური ანტენა შემოიტანა შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა „მითითებით  თვალთმაქცური გარიგებების გზით“.  პროკურატურის თქმით, ეს ანტენები „უნდა დარიგებულიყო „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით“, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით. ამ პროცესს, მთავარი პროკურატურის განცხადებით, ხელმძღვანელობდა არა „მაესტრო, არამედ „ელიტა ბურჯი“. პროკურატურამ განაცხადა, რომ ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით „მაესტროს“ საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" ეკუთვნის. მან ასევე განაცხადა, რომ სატელიტური ანტენები იმავე თურქული კომპანიისგან იქნა შეძენილი, რომელმაც „გლობალ TV“–ს მიაწოდა ანტენები. მთავარი პროკურატურის თქმით, განბაჟების პროცესს ახორციელებდა  „ელიტა ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა „მაესტროს" შესაბამისი პირი, „რაც ასევე დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას“.

ტელეკომპანია „მაესტრომ“ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი ქონების ჩამორთმევა არის ხელისუფლების მცდელობა შეაფერხოს საზოგადოების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საპარლამენტო არჩევნების წინ.

ტელეკომპანიის თქმით, ის აპირებდა „სიმბოლურ ფასად“ სატელიტური ანტენების დამონტაჟებას რეგიონებში მაყურებელთა გაფართოების მიზნით დაგეგმილი კამპანიის „მაესტრო ყველა ოჯახში“ ფარგლებში. „მაესტროს“ თქმით, კამპანია „მაესტრო ყველა ოჯახში“ მისი აქციების 25%–ის მფლობელმა მაკა ასათიანმა დააფინანსა. მართალია „მაესტრომ“ PR–აქციის ფარგლებში ერთი ანტენა დააყენა ერთ–ერთ სოფელში, ჯერჯერობით სატელიტური ანტენების დამონტაჟება არ დაწყებულა და ანტენების დაყენების პირობებიც უცნობი რჩება.

„მაესტროს“ თქმით, 2011 წლის ნოემბრიდან მაკა ასათიანმა 5.18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ტელეკომპანიაში, გარდა იმ 1.5 მილიონი აშშ დოლარისა, რომელიც ტელეკომპანიისთვის სხვადასხვა მოწყობილობის საყიდლად იქნა გამოყოფილი. „მაესტრომ“ ასევე განაცხადა, რომ სარეკლამო შემოსავლებმა 2012 წლის მარტ–ივნისში 651 950 ლარი შეადგინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უფლებას აძლევს ხელისუფლებას მაქსიმუმ 6 წლით დააყადაღოს „მაესტროს“ კუთვნილი ქონება.

„სასამართლოს მიერ მაესტროს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება და უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მედიისა და, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს მდგომარეობაზე“, – ნათქვამია საია–ს განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button