skip to content
ახალი ამბები

„ბანკი ქართუ“ სახელმწიფო იძულებითი მმართველობისას შექმნილ პრობლემებზე საუბრობს

„ბანკი ქართუს“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო იძულებითი მმართველობის დროს გაფორმებული საკრედიტო გარიგებები ბანკის ლიკვიდობას პრობლემებს შეუქმნის, რასაც, შესაძლოა, მისი ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის მმართველობაში გადასვლა მოჰყვეს.

ჯავახიშვილის ინფორმაციით, დროებითმა მმართველობამ ოთხ დეველოპერულ კომპანიასთან, რომელთაც ის ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს, მთლიანობაში 50 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმა, რისი შესრულების შემდეგ ბანკი არალიკვიდური გახდება, ვინაიდან ამ თანხების გაცემის შესაძლებლობა არ გააჩნია.

მან ამ საკრედიტო გარიგებებს „დანაშაულებრივი“ უწოდა, ვინაიდან, მისი მტკიცებით, სესხების გაცემის ხელშეკრულებები საბანკო პროცედურების დარღვევით გაფორმდა.

ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათს მიმართავს სასამართლოს ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს, რადგან ეჭვობს, რომ ხელისუფლების მიზანია ბანკის არალიკვიდობის საფუძველზე დროებითი ადმინისტრაცია დანიშნოს ბანკის სამართავად.

„დროებითი მმართველების უპირველესი დანიშნულება უნდა ყოფილიყო, რომ ბანკი მაღალ მოგებაზე ემუშავებინა და ამ მოგებიდან გადახდილიყო ეს დაკისრებული ვალდებულება. სინამდვილეში კი აქ შემოსვლის დღიდანვე ახალმა მმართველობამ დაიწყო უმოკლეს დროში ბანკის დაძირვის ოპერაციები“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული „ბანკი ქართუ“ იძულებითი მმართველობის ქვეშ ორ კვირამდე პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას სახელმწიფოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველი ვლადიმერ უგულავა ხელმძღვანელობდა, რათა უზრუნველყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ იმ ჯარიმის დაფარვა, რომელიც ივანიშვილს პარტიების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით ივნისში დაეკისრა. ივანიშვილმა 80 მლნ ლარის „უკანონოდ დაკისრებული“ ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა იმ მიზნით, რომ ხელისუფლებამ ეს თანხები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მოახმაროს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ბანკ ქართუში“ სასამართლომ სახელმწიფო იძულებითი მართვის რეჟიმი შეწყვიტა და ბანკს სათავეში კვლავ ნოდარ ჯავახიშვილი ჩაუდგა.

Back to top button