ახალი ამბები

17 ადამიანი 1.17 მილიონი ლარით ‘პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობის’ გამო დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 ადამიანს ჯამში 1.17 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც 8 ივლისს დაამტკიცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ პირებმა ვერ დაასაბუთეს იმ სახსრების ლეგიტიმურობა, რომელიც მათ წელს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შემოწირულობის სახით გადაურიცხეს.

თითოეულზე დაკისრებული ჯარიმა მინიმუმ 20 000 ლარიდან 177 250 ლარამდე მერყეობს იმ  შემოწირულობის რაოდენობის მიხედვით, რომელიც სასამართლომ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკანონოდ მიიჩნიეს. დაკისრებული ჯარიმები ხუთჯერ აღემატება შემოწირულობის თანხას.

ყველას, გარდა ერთისა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში ჰქონდა გადარიცხული შემოწირულობა.

ერთ პირს, რომელიც 20 000 ლარით დაჯარიმდა, მმართველ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჰქონდა გადარიცხული 4 000 ლარის შემოწირულობა.

17 ინდივიდუალური პირიდან 12 ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ დონორი იყო. ამ 12 ადამიანზე დაკისრებული ჯარიმის საერთო ოდენობამ 861 500 ლარი შეადგინა.

ოთხი ადამიანი, რომელთაც საერთო ჯამში 284 845 ლარის ჯარიმა დაეკისრათ, კახა კუკავას ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ დონორები იყვნენ.

რამდენიმე დაჯარიმებული პირის ადვოკატმა სასამართლო მიკერძოებაში დაადანაშაულა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასარგებლოდ და განაცხადა, რომ ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

სასამართლო გადაწყვეტილება იმასაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ გამოიყენებენ სადავო შემოწირულობებს.

„ქართული ოცნების“ შემთხვევაში შემოწირულობა 172 300 ლარზე ოდნავ მეტია, რაც ოპოზიციურ კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ 2012 წლის პირველ ნახევარში მიღებული მთლიანი ფულადი შემოწირულობების 14%–ს შეადგენს.

ნაციონალურ მოძრაობა 4000 ლარს დაკარგავს, 1.74 მლნ ლარის ოდენობის იმ მთლიანი ფულადი შემოწირულობების 0.2%–ს, რომელიც მან წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე მიიღო.

„თავისუფალი საქართველო“ 56 969 ლარის შემოწირულობას ვეღარ გამოიყენებს, რაც იმ 216 819 ლარის ოდენობის მთლიანი ფულადი შემოწირულობის 16.2%–ს შეადგენს, რომელიც პარტიამ 2012 წლის იანვარ–ივნისში მიიღო. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა 9 ივლისს, რომ ამჟამად სხვა 29 ფიზიკური პირის პარტიული შენატანების კანონიერებას სწავლობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან პირები, რომელთაც ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიების – ეროვნული ფორუმის და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების სასარგებლოდ გააკეთეს შემოწირულობები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button