
ეკლესიის განცხადებით, ახალი ID ბარათები ‘ანტიქრისტეს ბეჭედი’ არ არის
წმინდა სინოდმა განაცხადა 5 ივლისს, რომ ახალი ელექტრონული ID ბარათები, რომელიც თანდათან ჩაანაცვლებს ძველ პირადობის მოწმობებს, არ არის „ანტიქრისტეს ბეჭედი“.
„სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი“, – ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
მას შემდეგ, რაც ერთ წლის წინ ეს ბარათები პირველად შემოვიდა, ზოგიერთი მართლმადიდებლური ჯგუფები აქტიურ კამპანიას ახორციელებდნენ იმ მიზნით, რომ მათ, ვისაც არ სურდათ ახალი ბარათების აღება, ალტერნატიული დოკუმენტების აღება უფლება ჰქონოდათ. დეკემბერში წმინდა სინოდმა ამ საკითხის შესწავლის მიზნით კომისია ჩამოაყალიბა.
5 ივლისის გადაწყვეტილებაში წმინდა სინოდმა სთხოვა მთავრობას „თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნეს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“. ახალი ID ბარათების დაუყონებლივ აღება სავალდებულო არ არის. ძველი პირადობის მოწმობის მფლობელებს ახლის აღება მაშინაც შეუძლიათ, როდესაც მათ ძველ ბარათებს ვადა გაუვა.
წმინდა სინოდმა ასევე განაცხადა 5 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომ ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში „მიუღებელია“.
„ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს“, – ნათქვამია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში, „ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში“.
1 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ორგანიზებულ აქციაზე მცხეთაში რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იობი იმყოფებოდა.
კიდევ ერთი შემთხვევის დროს, რომელიც ასევე უკავშირდება ეკლესიას და პოლიტიკას, თვის დასაწყისში ტელეკომპანია „მაესტრომ“ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს ფარულად ჩაწერილი განცხადება გაავრცელა, რომელიც ხელისუფლებას, კერძოდ კი თბილისის მერს გიგი უგულავას, ეკლესიის საქმეებში „ნაგლად“ ჩარევაში ადანაშაულებს. ინტერვიუს შემდეგ, რომელიც მან ჟურნალისტს მისცა, მეუფე სერაფიმეს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ამის თაობაზე არ იცოდა, კამერით გადაუღეს, სადაც ის ამბობს, რომ უგულავა „უყვიროდა“ კიდეც საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს.
ამის საპასუხოდ უგულავამ განაცხადა 3 ივლისს: „ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ სასულიერო პირი ასეთი ცილისწამების და ტყუილის უფლებას აძლევს თავს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)