
განახლებული მთავრობა დასახელდა
ბაჩო ახალაია, რომელიც ბოლო სამი წლის მანძილზე თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება. იგი ამ პოსტზე ვანო მერაბიშვილს შეცვლის, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ პრემიერ–მინისტრი გახდება.
განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალაიას შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
ხატია დეკანოიძე, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჩაუდგა სათავეში, განათლების მინისტრი გახდება.
დალი ხომერიკი, რომელიც დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობაში მსახურობდა, კობა სუბელიანს შეცვლის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე.
სხვა მინისტრებს ცვლილებები არ შეხებიათ.
მთავრობაში ასევე გაჩნდა ერთი ახალი უპორტფელო მინისტრის თანამდებობა – დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ამ პოსტს პაატა ტრაპაიძე, სამშენებლო კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი დაიკავებს.
განახლებული მთავრობა და მისი ახალი პროგრამა სახელწოდებით "მეტი სარგებელი ხალხს" პარლამენტს წარედგინა დასამტკიცებლად, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 3 ივლისს.
პარლამენტი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად საგანგებო სხდომას წარდგენიდან მეორე დღეს 4 ივლისს გამართავს.
"ვჩქარობთ იმიტომ, რომ ხალხს ჭირდება მეტი სარგებელი", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე განახლებული კაბინეტის წარდგენის დროს.
This post is also available in: English Русский