ახალი ამბები

საქართველოს ცხრა ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოს ცხრა ახალი ელჩი ეყოლება შვეიცარიის კონფედერაციაში, თურქეთში, ბელარუსში, ბულგარეთში, კანადაში, არგენტინაში, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ინდონეზიის რესპუბლიკაში.

პარლამენტმა ელჩების კანდიდატურებს 29 ივნისს უყარა კენჭი.

შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვაკანტური თანამდებობა კარიერულმა დიპლომატმა ირაკლი ყურაშვილმა დაიკავა, რომელიც ბოლოს ესპანეთში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.

თურქეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე გახდა, რომელიც ბოლოს გენერალურ კონსულად სტამბოლში მუშაობდა, უფრო ადრე კი იყო კონსული საბერძნეთსა და რუსეთში.

პარლამენტმა ბელარუსში ელჩის თანამდებობაზე დავით კოტარია დაამტკიცა, რომელიც ბოლო დრომდე ამავე ქვეყანაში დესპანი იყო. 

ბულგარეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ლევან მეტრეველმა დაიკავა, რომელიც ბოლოს კანადაში, უფრო ადრე კი რუმინეთში საქართველოს ელჩი იყო.

მეტრეველის ადგილი კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ასევე  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე ლაცაბიძემ დაიკავა, რომელიც კანადის საელჩოში მუშაობდა მანამ, სანამ თებერვლიდან არგენტინაში დაინიშნებოდა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

მას არგენტინაში ელჩის თანამდებობაზე გელა სეხნიაშვილი შეცვლის, რომელიც დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

ეთიოპიაში საქართველოს პირველ ელჩად პარლამენტმა ვახტანგ ჯაოშვილს დაუჭირა მხარი, რომელიც ისრაელში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ხოლო ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დეპუტატებმა ასევე კარიერულ დიპლომატს ბექა დვალს დაუჭირეს მხარი, რომელიც ბოლოს ლონდონში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად მუშაობდა.

ინდონეზიაში საქართველოს ელჩი გახდა ზურაბ ალექსიძე, საგარეო უწყებაში აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.

დღესვე პარლამენტმა კენჭი უყარა ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის კატარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დატოვებაზე გადაწყვეტილებას. მანამდე კატართან ერთად მიქაძე ასევე ითავსებდა ელჩობას ქუვეითში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთანოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროებში.

Back to top button