
უწყებათაშორისი კომისია მერეთის ინციდენტს გმობს
უშიშროების საბჭოსთან მოქმედმა უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის დაგმო სოფელ მერეთში 26 ივნისს მომხდარი ფიზიკური შეხლა–შემოხლის ინციდენტი, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩაშალა.
რომელიმე მხარის დადანაშაულების გარეშე, უწყებათშორისმა კომისიამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს შეეცადონ, „საჯარო აქციები წარიმართოს ისე, რომ განსხვავებული შეხედულების მქონე პირებს შორის მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია, რათა აქციების მონაწილეთა ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეები შემცირებულ იქნეს“.
კომისიამ, რომელიც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და საჩივრებზე რეაგირების მიზნით შეიქმნა, ცალკე მოუწოდა პოლიციას, "ყურადღება მიაქციოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერთა მიერ ორგანიზებულ აქციებს, მიიღოს სათანადო ზომები და დროული რეაგირება მოახდინოს განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“.
მერეთის ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ოთხი მამაკაცი, აქედან „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი დააკავეს, რომელთაც გორის სასამართლომ 10–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.