ახალი ამბებიინტერვიუ

ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

  • ‘ირანთან საომარი მოქმედებების დაწყება აუცილებლად გაზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების საფრთხეს’;
  • მიდგომებში განსხვავებები არ არის საფუძველი იმისა, რომ თბილისს და თეირანს შორის ცუდი ურთიერთობები იყოს;
  • ძალზედ რეალურია, რომ რუსეთმა „კავკასია–2012“ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წართმევისთვის გამოიყენოს;
  • ამ სიტუაციის სირთულეს დასავლელი პარტნიორები ადეკვატურად და სერიოზულად აღიქვამენ;
  • შესაძლოა,  MAP-ს არა არსებითი, არამედ მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდეს;
  • ევროკავშირთან უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები CSDP მისიებში მონაწილეობაზე;
  • საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებასთან ერთად იზრდება;
  • წარმატებებმა უფრო მრავალფეროვანი ინტერესები გაგვიჩინა;
  • დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ დევნილებზე გაეროს გენასამბლეის რეზოლუცია თითქმის კონსენსუალური იქნება.

Civil.ge–სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საკითხთა ფართო სპექტრზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ჩამოაყალიბა დაწყებული ირანის, სირიის, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საკითხებიდან დამთავრებული ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივებით. მან ასევე დაასახელა მიზეზები იმისა, თუ რატომ ფიქრობს, რომ შემოდგომაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, „კავკასია–2012“ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის „მრავალფეროვან ინტერესებს“.  

შიდა რეფორმების ფაქტორს თუ ჩამოვაშორებთ და მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კუთხით შევხედავთ ამ საკითხს, არის თუ არა რუსეთი ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი?

ჩიკაგოს სამიტი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ალიანსში ინტეგრაციისა და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ჩიკაგოში ქართული დელეგაცია დასავლეთ ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან ერთად  მონაწილეობდა ნატო–ს შეხვედრაში ასპირანტ ქვეყნებთან, რამაც სრულიად ახალი დინამიკა შესძინა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს.

შემდეგი სამიტისთვის, რომელიც მაღალი ალბათობით გაფართოების თემატიკას მიეძღვნება, საქართველოს საუკეთესო საწყისი პოზიციები აქვს: ჩვენს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებითა და რუსეთის მიმართ წინდახედული, კონსტრუქციული პოლიტიკით ჩვენ არავის არ ვუტოვებთ ჩვენს საწინააღმდეგო არგუმენტებს. ჩიკაგოს სამიტმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის ნატო–ში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, მიუხედავად იმისა, უქმნის თუ არა ეს დისკომფორტს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ სახელმწიფოს.

ნატო, მისი დაარსებიდან, ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტო–ს უფლება ნატო–ს გადაწყვეტილებებზე, რასაც ალიანსი მუდმივად და ხაზგასმით აღნიშნავს. ჩიკაგოში ანდერს ფოგ რასმუსენმაც განაცხადა, რომ არცერთ მესამე სახელმწიფოს არ შესწევს ძალა ხელი შეუშალოს ნატოს გაფართოებას.  ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ  რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის დროს, (რომლის მთავარი მიზანი, მედვედევის საჯარო აღიარების თანახმად, იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერება) ალიანსმა მიიღო  უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი ინტეგრაციული ინსტრუმენტის მინიჭების შესახებ, როგორიც არის ნატო–საქართველოს კომისია.

2008 წლის სექტემბერში შედგა ასევე ჩრდილო–ატლანტიკური საბჭოს პირველი ვიზიტი საქართველოში. ამის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში  საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი მიიღო – წლიური ეროვნული პროგრამა. ნატო არასოდეს დაუშვებს იმას, რომ რუსეთის ფაქტორმა  გავლენა იქონიოს ალიანსის  გაფართოების პროცესზე. ეს, პირველ რიგში, თავად ნატო-ს ინტერესში შედის.

უახლეს ისტორიას რომ მივმართოთ, რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ნატო–ს გაფართოებას, თუმცა თავის დროზე ამან ხელი ვერ შეუშალა ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას.  ეს რეგიონები დღესდღეობით ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის განუყოფელი ნაწილია. დღეს ბალტიის სამ სახელმწიფოს ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. იგივე პრინციპი გავრცელდება საქართველოზეც.

ნატო-მ ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს, რუსეთთან მიმართებაში, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც იმ მოწოდებებშიც კარგად გამოჩნდა, რომლითაც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა რუსეთს მიმართეს. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულების აუცილებლობას. ალიანსმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ნაკისრი ვალდებულების საპასუხოდ, ანალოგიური ვალდებულების აღება.

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არათუ არ შეფერხებულა, არამედ პირიქით,  ძალას იკრებს, რაც ჩიკაგოს სამიტმაც ნათლად დაადასტურა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გაწევრიანება ნატო–ში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

განიხილება თუ არა იმის შესაძლებლობა რომ საქართველომ ნატო-ს შესთავაზოს – ან თუ ყოფილა უკვე ამაზე საუბარი დასავლელ პარტნიორებთან – რომ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში გაკეთდეს დათქმა, რათა მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე?

საქართველო ნატო–ში გაწევრიანდება მხოლოდ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ალიანსი, ისევე როგორც მისი თითოეული წევრი, ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არ–აღიარების მტკიცე პოლიტიკას.

თუმცა, ორი რამ უნდა ითქვას ხაზგასმით: პირველი, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს იმ მოსაზრებით სპეკულირებას, თითქოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნატო–ში გაწევრიანება საქართველოსთვის ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზანია. რასაკვირველია, ეს ასე არ არის. ჩიკაგოს სამიტზე მოკავშირეებს ცალსახა პოზიცია ჰქონდათ: მათ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა,  მიესალმნენ  საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ "საპასუხო ვალდებულების" აღების აუცილებლობას. გარდა ამისა, ალიანსმა მოუწოდა რუსეთს ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.

მეორეც, ნატო–ში ინტეგრაციის კურსზე უარის თქმა დაგვიბრუნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს? რასაკვირველია, არა. სამაგიეროდ არაოკუპირებული საქართველოს უსაფრთხოებისთვის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს საკმაოდ სახიფათო დისკუსიაა, რომლის წინა პლანზე წამოწევა მხოლოდ რუსეთის ინტერსებში შედის. ამ ნაცადი ტაქტიკით რუსეთი, ფაქტობრივად, ცდილობს, ერთის მხრივ, გავლენა მოიპოვოს ნატო–სა და მის გადაწყვეტილებებზე და, მეორეს მხრივ, შეზღუდოს ჩვენი სუვერენული უფლება, თავად ავირჩიოთ ის ორგანიზაციები, ალიანსები და  კავშირები, რომელში გაწევრიანებაც გვსურს. თუ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ისტორიას ჩავხედავთ, ჩვენი ქვეყნის პრობლემები რუსეთთან, კონფლიქტები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველოში რომელიმე ოფიციალური პირი ნატო–ს საჯაროდ ახსენებდა. რუსეთს ყოველთვის ერთი მიზანი ამოძრავებდა და დღესაც ამოძრავებს: საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევა.  ნატო–ში ინტეგრაცია არის რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე საიმედო გზა, რათა საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში  მუდმივად ხდებოდა. ამ ეტაპზე კი, თავად ინტეგრაციის პროცესიც მნიშვნელოვანად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, აძლიერებს რა საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე. ამიტომ, სპეკულაციებზე დამყარებულმა არგუმენტებმა არ უნდა გვათქმევინოს უარი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

საქართველოს ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან ერთ ფორმატში დაჯგუფებამ (რომელთაგან ორს უკვე აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – MAP, ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინას შემთხვევაში არსებობს ნატო-ს გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყანა დაიწყებს ამ ეტაპს, როგორც კი ის გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს), გააჩინა მოსაზრება, რომ საქართველოს შეიძლება საერთოდ აღარ დასჭირდეს MAP-ის საფეხურის გავლა. თუმცა ნატო-ს ბოლო სამი სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან მიმართებით აკეთებს მინიშნებას MAP-ის საჭიროებაზე. რა მდგომარეობაა ამ კუთხით?

პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების შესახებ ალიანსმა  უკვე მიიღო ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს. ის, თუ როდის და რა კონკრეტული მექანიზმებით მოხდება ამ გადაწყვეტილების განხორციელება, პოლიტიკური მომენტისა და მოლაპარაკებების საკითხია. არსებობს განსხვავებული პრაქტიკა და ისტორიული პრეცედენტები. გაფართოების ბოლო ორი ტალღა MAP-ის გზით მოხდა, თუმცა ნატო-ს ქვეყნების  უმრავლესობას გაწევრიანების გზაზე ეს ეტაპი არ გაუვლია.

MAP-ის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ასპირანტ ქვეყნებს, რათა ისინი რეფორმების გზით დაუახლოვდნენ ნატო-ს სტანდარტებს. ამ კუთხით, არსებითად საქართველოს უკვე აქვს ალიანსში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტები – ნატო–საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა. ჩიკაგოს სამიტზე მოკავშირეებმაც გაუსვეს ხაზი წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის წამყვან როლს საქართველოს ინტეგრაციის პროცესში. ჩვენი ქვეყანა უკვე მეოთხე წელია წარმატებით იყენებს ამ ინსტრუმენტებს იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნატო-ს სტანდარტებთან აახლოვებს, რაც ალიანსმაც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა. 

საქართველოს უკვე იმდენად მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ნატო–სთან თანამშრომლობაში, რომ მომდევნო ეტაპზე, შესაძლოა,  MAP-ს არა არსებითი, არამედ მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდეს. შესაბამისად, ალიანსთან თანამშრომლობის პროცესში გამოიკვეთება ის კონკრეტული სამომავლო „საგზაო რუკა“, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობამდე მიიყვანს.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, არ აღიარების საკითხი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა და გარკვეულწილად ამავე კონტექსტში მოიაზრება ყოველწლიურად გაეროს განერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხრიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის პროექტის წარდგენა. ერთ-ერთი მიზანი ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, არის ამ რეზოლუციისადმი ყოველ წელს მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა. რა მოლოდინი გაქვთ ამ მხრივ წელს?

გასული წლების მანძილზე, ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული და მრავალმხრივი მუშაობის შედეგად, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი მუდმივად იზრდება. იმედი გვაქვს, ეს დინამიკა კვლავაც შენარჩუნდება და გაძლიერდება. აქ მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის უფლებას, დაბრუნდეს საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.  ამიტომ არის, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს.

დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს რეზოლუცია თითქმი

მსგავსი/Related

Back to top button