
სოხუმს თბილისში ‘უფრო პრაგმატული’ ხელმძღვანელობა სურს
სოხუმის სურვილია, რომ „უფრო პრაგმატული“ თანამესაუბრე ჰყავდეს თბილისში, მაგალითად ისეთი, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ან მისი მოკავშირე, ჩვენი–საქართველო თავისუფალი–დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, იტყობინება იტალიური ჟურნალი სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას სიტყვებზე დაყრდნობით.
კითხვაზე არსებობს თუ არა თბილისთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ჩირიკბამ იტალიურ ჟურნალ Limes–თან ინტერვიუში, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა, განაცხადა: „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის“.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის გარდა, სხვა პრეზიდენტის პირობებში საქართველოც სხვა იქნებოდა და ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვექნებოდა შეთანხმებისთვის მიგვეღწია“, – განაგრძო ჩირიკბამ, „ჩვენ უფრო პრაგმატული თანამოსაუბრე გვჭირდება, როგორიცაა, მაგალითად, ალასანია ან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლახანს ჩაერთო პოლიტიკაში. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შეუძლია საკმაოდ პრაგმატულიც იყოს, რათა მიხვდეს როგორი გადაწყვეტილება იქნება ყველასთვის მისაღები“.
2006 წელს რამდენიმე თვის მანძილზე ალასანია პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელი იყო აფხაზეთის საკითხებში; მაშინ მის დანიშვნას სოხუმი მიესალმა. ალასანია ამ პოსტზე 2006 წლის ივნისამდე მსახურობდა, შემდეგ კი საქართველოს ელჩი გახდა გაეროში.
ჩირიკბას განცხადებაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 25 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის კოალიცია აფხაზეთთან „ჩატეხილი ხიდების აღდგენას“ ეცდება. „რა ურთიერთობაც არ უნდა აღდგეს, ყველანაირი მოლაპარაკება მიზნად დაისახავს იმას, რომ საბოლოო ჯამში აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები გათავისუფლდეს ოკუპანტებისგან“, – განაცხადა მან.