ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი: ახალი პარლამენტის მშენებლობაზე 133.7 მილიონი ლარი დაიხარჯა


ქუთაისში ახალი პარლამენტის მშენებლობის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოზე, რომელიც 30 აპრილით არის დათარიღებული. 

ამ ეტაპზე ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 133.7 მილიონი ლარი დაიხარჯა, განუცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ „ინტერპრესნიუსს“ 14 მაისს.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშენებლობისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრები სრულიად გამჭირვალეა.

აპრილში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც დეტალურად აღწერს პარლამენტის მშენებლობის და მისი დაფინანსების სამართლებრივ ასპექტებს, ნათქვამია, რომ  სამი წლის მანძილზე 73.7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის, თუმცა სახელმწიფო სახსრების ხარჯვა „სრულიად გაუმჭირვალეა“.

დეპუტატები პირველ, „სიმბოლურ“ სხდომას ახალ პარლამენტში 26 მაისს გამართავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მშენებლობა არ იქნება ჯერ დასრულებული. ქუთაისის ახალ შენობაში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი გადავა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button