
სააკაშვილი: საპარლამენტო არჩევნები ‘უზარმაზარ უსაფრთხოების განზომილებას’ შეიცავს
პრეზიდენტი სააკაშვილი 12 მაისს ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ფოტო: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა Flickr–დან.
ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები „უზარმაზარ უსაფრთხოების განზომილებას შეიცავს“, რადგანაც რუსეთმა განზრახ დაამთხვია ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი სამხედრო წვრთნები საქართველოს არჩევნებს, განაცხადა სააკაშვილმა 12 მაისს.
„ოქრომბერში ჩვენ არჩევნები გვაქვს; ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, საქართველოს პრესტიჟისთვის; მაგრამ ამას ასევე უზარმაზარი უსაფრთხოების განზომილება აქვს“, – განაცხადა მან ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ამას უსაფრთხოების განზომილება აქვს, რადგანაც ჩვენი არჩევნების პარალელურად, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა თავისი ჯარების დიდი წვრთნები დაგეგმა არჩევნების პარალელურად. მათ ის ერთი თვით, თუ ორი თვით გადაწიეს; როგორც წესი, ისინი ზაფხულში ატარებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„და ახლა ამას ОДКБ–ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რუსული აბრევიატურა, რომელიც სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთიანებს] მასობრივი წვრთნებიც დაუმატეს იმავე დროს, ზუსტად ჩვენი არჩევნების დროს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ნამდვილი [სადამკვირვებლო] ორგანიაციები; სწორედ ამიტომ გვჭირდება ჭეშმარიტად პრო–დემოკრატიული პარლამენტარები, ნამდვილი დამკვირვებლები, ნამდვილი გამჭირვალობა, დაწყებული დღეიდან და არა მხოლოდ არჩევნების დღეს", – განაცხადა მან.
სააკაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებს Interaction 2012, რომლის ჩატარებაც სომხეთში 2012 წლის 3–8 სექტემბერს იგეგმება.
ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე გამოსვლისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი „არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს და ჩვენი მთავრობის ჩამოგდება სურს“.
100–ზე მეტი პარლამენტარი და დაახლოებით 250 მონაწილე ესწრება ბათუმის სამდღიან კონფერენციას „ეკონომიკური თანამშრომლობის და სტაბილურის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“, რომელიც 12 მაისს გაიხსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფთიმიუმ ‘ახალი მარშალის გეგმის’ შემუშავებისკენ მოუწოდა, რათა ევროპა განვითარდეს, აღორძინდეს და სოციალურად შეკავშირდეს.
This post is also available in: English Русский