skip to content
ახალი ამბები

პუტინი სოჭში ანქვაბს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს, ალექსანდრე ანქვაბს ხვდება სოჭში, 11 მაისს. კრემლის ფოტო. 

რუსეთის პრეზიდენტად ინაუგურაციიდან ოთხ დღეში ვლადიმერ პუტინი სოჭში 11 მაისს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

„ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა დამოუკიდებელი აფხაზეთის სახელმწიფოს ასაშენებლად, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა“, – მიმართა პუტინმა ანქვაბს შეხვედრამდე და დასძინა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი სასაზღვრო–გამშვები პუნქტი გააადვილებს ხალხის გადაადგილებას.

ორმხრივ შეხვედრამდე პუტინი და ანქვანი მდინარე ფსოუზე მდებარე საზღვარზე შეხვდნენ და იქ ახლად აშენებული სასაზღვრო–გამშვები პუნქტი დაათვალიერეს.

„რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. მე ვიცი, რომ ბევრი საკითხი და პრობლემაა აფხაზეთში და რუსეთი მზად არის მხარდაჭერისთვის. ეს, პირველ რიგში, სოციალურ სფეროს ეხება. აქ არ ვახსენებ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს – ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ სოციალური სფეროს, ჯანდაცვის და განათლების, ასევე ეკონომიკური განვითარების საკითხები – ყველა ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია და დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს საკითხი“, – განაცხადა პუტინმა.

ანქვაბმა პუტინს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რაც, მისი თქმით, დაეხმარა აფხაზეთს „სერიოზულად წასულიყო წინ“. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად პროგრესისა, ბევრი ის პრობლემა, რომელიც 90–იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს წარმოიშვა, კვლავ მოუგვარებელი რჩება.

„ეჭვიც არ გვეპარება, რომ საქმე ბევრად უკეთესად წავა“, – დასძინა ანქვაბმა.

შეხვედრას წინ უძღოდა მოსკოვის ბრალდებები თბილისის მისამართით სოჭში ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობის საქმეში ჩეჩენ მებრძოლთან, დოკუ უმაროვთან კავშირზე. რუსეთმა 10 მაისს განაცხადა, რომ აფხაზეთში ტერაქტების მოწყობისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღის სამალავები აღმოაჩინა. თბილისის თქმით, ეს "აბსურდული" ბრალდებები რეგიონში ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად.

მოლაპარაკებებამდე პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში არც ანქვაბი და არც პუტინი ამ საკითხს არ შეეხო. 

სოჭში 12 მაისს ასევე იგეგმება პუტინის შეხვედრა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან, რომელიც არჩევის შემდეგ პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთს. 

This post is also available in: English Русский

Back to top button