ახალი ამბები

სომალელ მეკობრეთა 16–თვიან ტყვეობაში მყოფი მეზღვაურები გაათავისუფლეს

სატვირთო გემის 15 ქართველი მეზღვაური სომალელ მეკობრეთა 16–თვიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებული არიან, განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ კვირას საღამოს.

სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას გათავისუფლების ან გამოსასყიდი თანხის გადახდის თაობაზე.  განცხადების თანახმად, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“ და ისინი „იმყოფებიან შეიარაღებული დაცვის თანხლებით  საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად გემზე“ და „აფრიკის ერთ–ერთ უსაფრთხო პორტში“ მიემგზავრებიან.

„სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება წარმატებით დასრულდა“, – იტყობინება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში, სომალის სანაპიროებთან დაატყვევეს.  

გემი სახელწოდებით OLIB G, რომლის მფლობელიც ბერძნული კომპანიაა (ეს კომპანია, გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის დასაწყისში გაუქმდა) და რომლის ეკიპაჟიც ბათუმში განთავსებული მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანია “გრინვიჩ XXI“-ის მიერ იყო დაკომპლექტებული, მეკობრეებმა მაშინ  გაიტაცეს, როდესაც ის ალექსანდრიის პორტიდან ინდოეთისკენ მიემართებოდა გემის ჯართში ჩასაბარებლად.

7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ სომალიში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაემგზავრნენ მეზღვაურთა გასათავისუფლებლად. ჯგუფს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა; მის შემადგენლობაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებიც შედიოდნენ.

Somalia Report-ის ვებ–გვერდი იტყობინება, რომ ეკიპაჟის თვრამეტივე წევრი – 15 ქართველი და 3 თურქი, ასევე სატვირთო გემი მეკობრეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდი თანხა მიიღეს.

იმავე ვებ–გვერდი იტყობინებოდა 2011 წლის ოქტომბერში, რომ მეკობრეები ეკიპაჟის და გემის გასათავისუფლებლად 9 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდნენ. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button