ახალი ამბები

აფხაზეთის აეროპორტი რუსულ „ნოვაპორტს“ გადაეცემა

რუსულმა ჰოლდინგმა „ნოვაპორტმა“ და სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ 21 ივლისს სოხუმში ხელი მოაწერეს მემორანდუმს სოხუმის აეროპორტის აღდგენის და გამოყენების თაობაზე, რომლის დეტალური პირობებიც მოგვიანებით დადგინდება.

მემორანდუმს „საერთაშორისო საჰაერო კომუნიკაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის აღდგენისა და გამოყენების შესახებ“ სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ და „ნოვაპორტის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ სმირნოვმა მოაწერეს ხელი, იტყობინება „აფსნიპრესი“.

„ნოვაპორტი“კერძო რუსული საინვესტიციო კონგლომერატის AEON Corporation–ის შვილობილი კომპანიაა. ამ უკანასკნელის დამფუძნებელია, რომან ტროცენკო ამჟამად რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებლობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტია.
 
„ნოვაპორტის“ მმართველობაში შვიდი აეროპორტია, კერძოდ ნოვოსიბირსკში, ჩელიაბინსკში, ბარნაულში, ტომსკში, ვოლგოგრადში, ჩიტასა და ასტრახანში.

შამბამ განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება კომპანიასთან გრძელვადიან იჯარაზე ხელშეკრულებას მხოლოდ ურთიერთომისაღები პირობებით მოაწერს ხელს, რომლის დეტალებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენ ამ საკითხებს შემდგომში გადავწყვეტთ საინვესტიციო შეთანხმების შემუშავების დროს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ასაფრენ–დასაფრენი ზოლი შეუძლებელია გაიცეს იჯარით, ან გაყიდოს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის საკითხებს, მათი განხილვა მოხდება “, – განაცხადა შამბამ.

„ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ აეროპორტის ინფრასტრუქტურა. თავად ასაფრენ–დასაფრენი ზოლი, ბაქანი, სადგომები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და არ საჭიროებენ კაპიტალურ რემონტს. რაც შეეხება აეროსადგურის შენობას, საწვავგასამართ კომპლექსს, აეროდრომის ტექნიკას და აერონავიგაციას, მათი აშენება ნულიდან გახდება საჭირო“, – განაცხადა სმირნოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობას 12–14 თვე დასჭირდება, ხოლო ინვესტიციების ამოღებას – 8 წელი. ინფორმაცია საჭირო ინვესტიციის მოცულობის თაობაზე არ გავრცელებულა.

მსგავსი/Related

Back to top button