skip to content
ახალი ამბები

კალანდაძე: სამწუხაროა, რომ სომხეთმა დევნილებზე რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ "სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სომხეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის ინიცირებით მიღებულ რეზოლუციას წინააღმდეგ მისცა ხმა.

რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იძულებით გადაადგილებული პირთა დაბრუნების უფლებას აღიარებს, 29 ივნისს გამართულ კენჭისყრაზე 57–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 74–მა თავი შეიკავა, ხოლო 13 ქვეყანა, მათ შორის სომხეთი, წინააღმდეგ წავიდა. 

"ჩვენ ამას სინანულით ვხვდებით, რომ სომხეთი არ იზიარებს ჩვენს ოფიციალურ პოზიციას, მითუმეტეს, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა და არ ისახავს მიზნად რაიმე პოლიტიკურ  მოტივაციას“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ 5 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"მიუხედავად ამისა, მათ თვითონ კონფლიქტებისადმი აქვთ განსხვავებული დამოკიდებულება და განსხვავებულად ხედავენ საკუთარი პრობლემატიკიდან გამომდინარე არსებული რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხს“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყებამ მხარდაჭერის წერილობითი თხოვნით მიმართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს, რომელიც სწორედ გაეროს გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრის გამართვის დღეს – 29 ივნისს სტუმრობდა ვიზიტით თბილისს.

კალანდაძის განცხადებით,  ქართული მხარე "ღიად უცხადებს მეგობრებს“, რომ რეზოლუციის თაობაზე მათი პოზიცია "ჩვენთვის არცთუ ისე მისაღებია“.

"ჩვენ გავაგრძელებთ  ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ ჩვენი მეგობრები დავარწმუნოთ ჩვენი პოზიციის სიმართლეში“, – აღნიშნა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button