ახალი ამბები

ოქრუაშვილს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  30 ივნისს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ქართული პარტიის ერთ–ერთ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ 28 ივნისს ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და იგი ბრალდებულად ცნო უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, რაც 6–დან 9 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23 ივნისს შსს–მ განაცხადა, რომ დააკავა ოქრუაშვილთან კავშირში მყოფი რვა პირი, რომელთაც  მაისის ბოლოს გამართული საპროტესტო აქციების დროს ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებისას მისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ. ოქრუაშვილმა მაისში საქართველოში დაბრუნების დაანონსებული გეგმები შეცვალა. ქართულმა პარტიამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს "ფალსიფიცირებული“ უწოდა.

ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც ქვეყანა 2007 წლის შემოდგომაზე დატოვა, 2008 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ 11–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მუხლებით.  ამის შემდეგ მას საფრანგეთმა 2008 წლის აპრილში პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, იმავე წლის სექტემბერში კი საფრანგეთის სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს მის ექსტრადირებაზე. 

Back to top button