skip to content
ახალი ამბები

აგვისტოს ომზე ფილმის პრემიერის დროს აქციის მონაწილეები დააკავეს

გუშინ რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც რუსთაველის კინოთეატრთან, სადაც საკმაოდ გახმაურებული ფილმის "აგვისტოს 5 დღის“ პრემიერა იგეგმებოდა, პროტესტის გამოხატვას გეგმავდნენ.

ჰოლივუდის ვარსკვლავები ენდი გარსია და შერონ სტოუნი თბილისში ჩამოვიდნენ, რათა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ ფილმის პრემიერას დასწრებოდნენ.

რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერა თბილისში 5 ივნისს გაიმართა. ეს ღონისძიება ინტენსიურად გააშუქეს ქართულმა ტელევიზიებმა.

ენდი გარსია ფილმში პრეზიდენტ სააკაშვილის როლს ასრულებს. შერონ სტოუნი, რომელიც თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც Muz-TV 2011 მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო, ფილმში არ თამაშობს; იგი თბილისში პრემიერას, ხოლო შემდეგ საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად გაიმართა.

ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც სხვა აქტივისტებთან ერთად უნდა ჭეროდა პლაკატი წარწერით "აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი ტრაგედია“ პოლიციამ პარლამენტის შენობასთან დააკავა. მას წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციის დაუმორჩილებაში დასდეს ბრალი; იგივე ბრალდებით კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის სახალხო კრების ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე და შვილი დააკავეს.

კვირას მოგვიანებით ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო სამი დანარჩენი დაკავებული თითოეულისთვის 400 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.

ასევე 5 ივნისს, კიდევ ერთ ჯგუფს სასტუმრო Radisson Blue Iveria-ს წინ, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ცხოვრობდნენ, ინგლისურენოვანი ბანერები ეჭირათ წარწერებით: "იაფი პროპაგანდა ხელოვნება არ არის“, "ნუ ქმნით შოუს ომისგან“. აქციის მონაწილეთა თქმით, ფილმი "უსარგებლო პროპაგანდაზე ფულის ხარჯვაა“.

ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა განაცახდა, რომ ფილმის ბიუჯეტმა 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და არა 20 მილიონი, როგორც ამის თაობაზე მაშინ ითქვა, როცა ის 2009 წელს ფილმის გადაღებას იწყებდა.

ფილმის ძირითადი სიუჟეტი ეხება ამერიკელ ჟურნალისტს – რომელსაც ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი თამაშობს – და მის ოპერატორს, რომლებიც აგვისტოს ომის შუაგულში აღმოჩნდნენ.

თბილისში ფილმის პრემიერამდე, დაახლოებით, ორი წლით ადრე რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ "პირველმა არხმა“ უჩვენა რუსეთის მიერ გადაღებული ფილმი აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც მოვლენების ოფიციალურ რუსულ ვერსიას ასახავს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button