ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა
ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე გარდაიცვალა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 27 მაისს.
სერჟანტი ივანიაძე, რომელიც ავღანეთში 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდა, 2007-2008 წლებში სამშვიდობო მისიით ერაყშიც იმყოფებოდა.
ამ ბოლო შემთხვევის ჩათვლით, სულ 8 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად საარტილერიო ინსტრუქტორთა ჯგუფი გაგზავნოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)