Placeholder canvas
ახალი ამბები

სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა


ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. დარბევის შედეგად, რომელიც დაახლოებით 00:10 საათზე დაიწყო, რუსთაველის გამზირი გაიწმინდა სამხედრო აღლუმისთვის, რომელიც 26 მაისს 11:00 საათზე იგეგმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთი პოლიციელი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც "ორგანიზატორების ერთმა ნაწილმა“ მიტინგი დატოვა ისე, რომ თავიანთი მანქანებით დიდი სიჩქარით გაიარა ხალხის მასაში. 


ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

19 პოლიციელი დაშავდა და ასევე არიან დაშავებულები მომიტინგეებს შორის. თუმცა, ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. აქციის დარბევიდან ცოტა ხანში აქციის ადგილას ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.

ფარებით და ხელკეტებით შეიარაღებულმა დიდი რაოდენობით სპეცრაზმელებმა თავიანთი პოზიციების დაკავება რუსთაველის გამზირის ორივე მხარეს ღამის 12 საათის შემდეგ დაიწყეს.

სპეცრაზმი ასევე განთავსდა მიმდებარე პატარა ქუჩებზეც.

დაახლოებით შუაღამისთვის ხელისუფლებამ თბილისის მერიის წარმომადგენელი გააგზავნა მომიტინგეებთან, რათა ეთქვა მათთვის, რომ მათ აქციის გამართვის უფლება აღარ ჰქონდათ, რადგანაც მათი განაცხადი აქციის ჩატარების თაობაზე 25 მაისს, დღის ბოლოს ამოიწურა.

დაახლოებით, რამდენიმე ათასმა მომიტინგემ, რომლებიც წვიმაში იდგნენ აქციაზე, უარი თქვეს ხელისუფლების წინადადების მიღებაზე, რომ სხვა ადგილას განეგრძოთ აქცია.


ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ქალის ხმამ ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობებიდან რამდენჯერმე გააფრთხილა მომიტინგეები, რომ დაშლილიყვნენ. 

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ მომიტინგეებს, რომ არ დაშლილიყვნენ. 

ღამის 12 საათის შემდეგ სპეცრაზმი რუსთაველის გამზირის ორივე მხრიდან და მიმდებარე ქუჩებიდან დაიძრა და პარლამენტის შენობის კიბეებიდან მომიტინგეები განდევნა. 

ათობით მომიტინგე, თუმცა შესაძლოა ასზე მეტიც დააპატიმრეს, მაგრამ დაკავებულთა ზუსტი ოდენობა ხელისუფლებას ჯერ–ჯერობით არ გამოუქვეყნებია; "პალიტრა–TV"-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორც გამოჰყავთ პოლიციელებს სულ ცოტა 90 დაკავებული რუსთაველის კინოთეატრის შენობიდან. შსს–მ განაცხადა, რომ ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაიწმინდა, პოლიციამ მომიტინგეთა დევნა ახლომდებარე ქუჩებზეც დაიწყო. 

ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა ადგილზე დაშავებული ხალხისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ერთ მომიტინგეს მარცხენა ლოყაზე ჭრილობა ჰქონდა, რომელიც ძალიან ჰგავდა რეზინის ტყვიით, ან სხვა არალეტალური სასროლი იარაღიდან მიყენებულ ჭრილობას.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button