ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების მე–15 რაუნდი დასრულდა

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა 4 მარტს, მე–15 რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთი კვლავ უარს ამბობს ჩაერთოს არსებით განხილვაში და ძალის არგამოყენების ვალდებულება აიღოს.

"სამწუხაროდ არცერთ საკითხზე პოზიციის ფუნდამენტური ცვლილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ რაუნდზე არ შეინიშნა,“– განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ რადიო "თავისუფლების“ თბილისის ბიუროს, “ანუ ისინი არ აპირებენ, მათი განცხადებით, საქართველოსთან ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებას“.

თბილისი დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას. რუსეთი კი აცხადებს, რომ არ აპირებს ამგვარი ვალდებულების აღებას, ვინაიდან მას არ მიაჩნია საკუთარი თავი კონფლიქტის მხარედ და სანაცვლოდ, მოუწოდებს თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან "ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებებს“ მოაწეროს ხელი.

“ასევე არ არის კონკრეტული პროგრესი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებით,“– განაცხადა კაპანაძემ, "ისინი ამ ეტაპზე ეწინააღმდეგებიან სერიოზულ საერთაშორისო ყოფნას ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გარკვეული პროგრესი უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს მომდევნო რაუნდებზე“. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე შესაძლოა მიღწეულ იქნას გარკვეული პროგრესი “გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე საოკუპაციო ხაზზე“.

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც თბილისის, მოსკოვის, ვაშინგტონის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება, ჟენევაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაიწყო.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ პიერ მორელმა განაცხადა, რომ მონაწილეთა შორის ფუნდამენტალური უთანხმოებების მიუხედავად, ყველა მათგანმა გამოთქვა სურვილი ჟენევის დისკუსიების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამუშაო მეთოდები დაიხვეწა და უფრო კონსტრუქციული და ქმედითი გახდა.

მორელმა ასევე აღნიშნა, რომ ის და დანარჩენი ორი თანათავმჯდომარე ეუთოდან და გაეროდან განწყობილი არიან პროგრესს მიაღწიონ ძალის არგამოყენების საკითხზე, რომელიც, მისი თქმით, დისკუსიების მთავარ თემას წარმოადგენს.

ჟენევის დისკუსიები ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე – ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიედრიუს ჩეკუოლისმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ დასრულდა მზადება რამოდენიმე პროექტის განსახორციელებლად, რომლებიც აგვისტოს ომით დაზარალებული რაიონების მოსახლეობისთვის სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას ითვალისწინებს.

თუმცა, პროგრესი ვერ იქნა მიღწეული გაზის მიწოდების საკითხში, განაცხადა ჩეკუოლისმა, რომელიც თანათავმჯდომარეებს იანვარში შეუერთდა მას შემდეგ, რაც მისმა ქვეყანამ ყაზახეთისგან ეუთოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. საქართველომ ახალგორის რაიონს გაზის მიწოდება იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ არ სურს იქ დისლოცირებული რუსი სამხედროების მომარაგება.

მოლაპარაკებების მომდევნო, მე–16 რაუნდი ჟენევაში 7 ივნისს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button