ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია “სადემარკაციო სამუშაოებით”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, კერძოდ სოფელ დიცთან სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების გამო, ნათქვამია მისიის მიერ 26 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 25 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფმა რუსეთის და სამხრეთ ოსეთის შვიდი შეიარაღებული სამხედროს თანხლებით შენიშნა სამი სამოქალაქო პირი, რომლებიც სოფელ დიცის მახლობლად, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ აზომვით სამუშაოებს ასრულებდნენ. 

“მსგავსი აზომვითი სამუშაოები პირველად არ დაფიქსირებულა,“– ნათქვამია განცხადებაში, "მისიას გააჩნია მზარდი მინიშნებები იმისა, რომ ეს არის საზღვრის ცალმხრივი დემარკაციის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილი“.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია მოცემული "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" გამო, რადგან ეს შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, რასაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს,“– აცხადებს მისია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button