
რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საქართველოში სტუმრობისგან
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "დაჟინებით“ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისაგან, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო უსიამოვნებები.
სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ კომენტარში გააკრიტიკა თბილისის პოლიტიკა, რომელიც თბილისის ნებართვის გარეშე უცხო ქვეყნების მოქალაქეების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლას კრძალავს.
გასულ კვირაში საქართველოს შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა „ინტერფაქსს“, რომ დაკავებულები და სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნებიან მიცემული ის პირები, რომლებსაც სეპარატისტულ რეგიონებში თბილისთან შეუთანხმებელი სტუმრობა ექნებათ აღნიშნული პასპორტებში. უტიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე ასეთი შემთხვევა უკვე გამოვლინდა, "თუმცა გაცილებით ხშირად საქმე მთავრდება“ საპროცესო გარიგებით და 2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდით.
“ამგვარი პრაქტიკის მიზანი ნათელია – საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყველა დაშვებული მეთოდებით გადაუკეტოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გარე სამყაროსთან ურთიერთობა,“– განაცხადა ნესტერენკომ და დასძინა, რომ თბილისს არ შეუცვლია ამ რეგიონების ადრინდელი ბლოკირების მიდგომა.
"ამ ფონზე განსაკუთრებით ცხადია მშვიდობიანი ჩართულობის სტრატეგიის“ ფარისევლური ხასიათი, რომელსაც ოფიციალური თბილისი ხმაურიან რეკლამას უწევს მთელ მსოფლიოში,“– განაცხადა ნესტერენკომ.
"საქართველოს ხელისუფლების პათოლოგიური ზიზღი აფხაზებისა და ოსების მიმართ ისეთი დიდია, რომ მისი პროეცირება ხდება, როგორც ვხედავთ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეც – მათ მიმართ უკანონო რეპრესიების გამოყენების ჩათვლით,“– აღნიშნა მან.
ნესტერენკოს თქმით, დამოუკიდებლად იმისა სტუმრობდნენ თუ არა სეპარატისტულ რეგიონებს, "რუსები დღევანდელ საქართველოში სისტემატიურად ხდებიან განუკითხაობის მსხვერპლნი“.
"თითქმის ყველა, ვინც ჩადის რუსეთიდან საქართველოში პირად საქმეებზე ან ნათესავების მოსანახულებლად, წარმოადგენს ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციის პოტენციურ ობიექტს და რეალურად რისკავს აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა,“– განაცხადა ნესტერენკომ და რამოდენიმე ასეთი მაგალითი დაასახელა.
“შვეიცარიული მხარის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ვაგრძელებთ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უკანონობის შეწყვეტას,“– აღნიშნა მან.