
პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 240 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან უფლებადამცველი ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერის და მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ყოფილი წევრის ეკა ბესელიას ძმა და შვილი.
როგორც ბესელიამ Civil.ge-ს განუცხადა, მისთვის ეს აქტი პრეზიდენტის მიერ მიღებული "მოულოდნელი“ გადაწყვეტილება იყო.
ბესელიას ძმა სერგო ბესელია და შვილი რატი მილორავა შარშან აგვისტოში დააპატიმრეს, ხოლო დეკემბერში ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ, შესაბამისად, 2,5 და 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. 28 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა. ეკა ბესელიას განცხადებით, მისი ძმა და შვილი მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო გაასამართლეს. ბესელიას ძმა ამ დრომდე საპატიმროში იმყოფებოდა, ხოლო შვილი ძებნაში იყო.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინფორმაციით, შეწყალებული 240 პატიმრიდან 211, მათ შორის 3 არასრულწლოვანი და 10 ქალი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეიდან დატოვებენ; 27 პატიმარს გაუნახევრდა, ხოლო 2 პატიმარს შეუმცირდა სასჯელის ვადა.