ახალი ამბები

სააკაშვილი: პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი

საქართველოში დღეს არის ვითარება, როცა ყველა ეთნიკური ჯგუფის მოქალაქეს აქვს "წარმატების და კარიერის მიღწევის“ საშუალება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 აგვისტოს. 

“საქართველოში დღეს არის სიტუაცია, როცა პრეზიდენტი შეიძლება გახდეს შაშკინიც,  შეიძლება გახდეს ყურბანოვიც, შეიძლება გახდეს ნებისმიერი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იმიტომ, რომ ჩვენ შევქმენით სიტუაცია, როცა ქართველი ხალხი აღიქვამს თავის თავს როგორც ერთიან მთლიანს,“– განაცხადა მან.

“გვესწრება ჩვენ აქ დიმიტრი შაშკინი – მისი სახელიც და გვარიც არის რუსული წარმომავლობის. მამამისი იყო, სხვათა შორის, ძალიან ღირსეული წევრი საკონსტიტუციო სასამართლოსი. დიმიტრი არის, ჩემთვის პირადად, ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელი – ეს არის განათლების სამინისტრო. მე იმედი მაქვს, რომ გავა დრო და ისტორიკოსები მის მოღვაწეობას შეაფასებენ, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ქართველი, ეროვნული მოღვაწის მოღვაწეობას. და შემდეგ ის, რა თქმა უნდა, სხვა თანამდებობებზეც იქნება, ყველაფერს შეიძლება მიაღწიოს,“– აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ეს განცხადება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ იმ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ. ამისთვის სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობების წარმომადგენლებმა გამარტივებული წესით მხოლოდ ერთი გამოცდა ჩააბარეს უნარ–ჩვევებში მათ მშობლიურ ენაზე.

პრეზიდენტის ინფორმაციით, 300–მდე ასეთი სტუდენტი ჩაირიცხა წელს უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთაგანაც 200 სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს.

"მე მინდა, რომ თქვენი რიცხვი გაიზარდოს 5–ჯერ და 10–ჯერ მომავალ წელს, ბევრად მეტმა ჩააბაროს და ბევრად მეტმა იგრძნოს, რომ საქართველო არა მხოლოდ მათი სამშობლოა, არამედ საქართველოში მათ აქვთ ბრწყინვალე მომავალი და არ არსებობს ბარიერი, რომელიც მათ  დაუდგებათ წინ, რათა თავის თავის რეალიზაცია მოახდინონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“– მიმართა მან სტუდენტებს.

“ჩვენ უნდა შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომ არა მხოლოდ თქვენ რჩებოდეთ აქ [საქართველოში], არამედ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან ჩამოდიოდეს ხალხი და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იღებდეს განათლებას,“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

Back to top button