
განათლების სამინისტრომ 2008 წლის დროინდელი ფინანსური დარღვევები გამოავლინა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა 2008 წელს განხორციელებული უკანონო შესყიდვები გამოავლინა და მასალები პროკურატურას გადაუგზავნა, რომელმაც უკვე დაიწყო გამოძიება.
“სპორტული ინვენტარის შეძენის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ იქნა მოპარული 600 ათასი ლარი. მინისტრის [დიმიტრი შაშკინის] დავალებით, ჩვენ ეს მასალები გადავეცით მთავარ პროკურატურას, რომელმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით,“– განაცხადა განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ კოდექსის აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ტუსაღობას ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.
2008 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელი პროფესორი და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო.
ნოდიამ ტელეკომპანია "იმედთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ სამინისტროს ბრალდება მისთვის არასასიამოვნო მოულოდნელობაა.
“ის, რომ სპორტული ინვენტარის შეძენა მოხდა ჩემი მინისტრობის დროს, ეს ძალიან კარგად მახსოვს, უბრალოდ არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი მქონდეს, რომ იქ რამე არაკეთილსინდისიერად იყო განხორციელებული,“– განაცხადა ნოდიამ და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ შიდა აუდიტმა 2007-2009 წლებში უწყებაში „არამართლზომიერი გარემოებებით“ წარმოქმნილი დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები გამოავლინა, რის გამოც დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შევიდა მთავარი პროკურატურა თემატური შემოწმების ჩასატარებლად. 2007–2009 წლებში სამინისტროს სამი მინისტრი: ალექსანდრე ლომაიას, გია ნოდია და ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდნენ ამავე თანმიმდევრობით.