
პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები მხოლოდ 11%–მა დაძლია
პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები მონაწილეთა 11%–მა ჩააბარა, განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.
მათივე ინფორმაციით, გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 10 000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას, მათგან ორ გამოცდას პროფესიულ უნარებსა და სპეციალობაში 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება 1147 ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგს.
თითო საგანი ჩააბარა გამოცდაზე გასული პედაგოგების 50%-მა, რომლებსაც მიღებული ქულა შეენახებათ და განმეორებით გამოცდაზე მხოლოდ დარჩენილ ერთ საგანს ჩააბარებენ.
ამასთან, სასერტიფიკაციო გამოცდების ბარიერის ვერ გადალახვის მიუხედავად, პედაგოგები გააგრძელებენ მუშაობას და 2014 წლამდე მათ რამოდენიმეჯერ მიეცემათ შანსი გავიდნენ განმეორებით გამოცდებზე.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სერტიფიცირებულ პედაგოგებს ექნებათ პრივილეგიები, მათ შორის ხელფასის მატების კუთხით.