
ახალი ამბები
საპროტესტო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს
ოპოზიციური ხალხის პარტიის წევრი, ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე შალამბერიძე და მოძრაობა „არა“–ს ლიდერი ლევან ჩიტაძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 18 აგვისტოს მიმდინარე აქციის დროს დააკავა პოლიციამ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ საღამოს გაათავისუფლა.
მათ 400–400 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით.
პოლიციამ ისინი დააკავა დევნილთა და გარე მოვაჭრეთა აქციაზე, რომლის დროსაც პოლიციას ასევე ჰქონდა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების მცდელობა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამ უკანასკნელის დაკავების შესაძლებლობა სამართალდამცავებს არ მისცეს. წინააღმდეგობის გაწევას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.